აზაროვის საოცარი შედეგი - ქართველი მცველი ჩემპიონობის სიმბოლოა
უშუალო კონკურენტის, „დინამო კიევის“ (1:0) დამარცხებით, დონეცკის „შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონის ტიტული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა და დონბასელთა რიგებში ოქროს მედლები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმაც მოიპოვეს. გოჩოლეიშვილი უკრაინის გრანდში შარშან გადავიდა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიგო, აზაროვი კი „შახტარს“ წლევანდელი სეზონის დაწყებამდე შეუერთდა, თუმცა მას კარიერის საწყის ეტაპზევე, 22 წლის ასაკში, შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური მიღწევები აქვს.
ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში, ირაკლი ქვეყნის ჩემპიონი ხუთხჯერ გახდა. 2019-2020 წლებში მან Crystalbet ეროვნული ლიგაში „დინამო თბილისში“ ასპარეზობისას, 2021-ში კი „დინამო ბათუმში“ თამაშისას მოიგო ოქროს მედლები. „საჩემპიონო ჩავარდნა“ ახალგაზრდა მარცხენა მცველს მხოლოდ 2022 წელს ჰქონდა, როდესაც ბათუმელებს „დინამო თბილისმა“ აჯობა. სამაგიეროდ, დანაკლისი მომდევნო სეზონში აინაზღაურა და „ცრვენა ზვეზდაში“ გადასულმა არამხოლოდ სერბეთის ჩემპიონატში, არამედ ქვეყნის თასზეც გაიმარჯვა. წელს კი, როგორც უკვე გითხარით, „შახტარს“ უკრაინის ჩემპიონობაში დაეხმარა და 22 შეხვედრაში თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
15 მაისს აზაროვსა და გოჩოლეიშვილს დონეცკის კლუბთან ერთად წლევანდელი სეზონში კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი ექნებათ, როდესაც უკრაინის თასის ფინალში პოლტავის „ვორსკლას“ დაუპირისპირდებიან. ჩემპიონატის დარჩენილ ორ ტურში კი, სტუმრად ჯერ 19 მაისს დნიპრო 1-ს, შემდეგ 25 მაისს კი „პოლისიას“ შეხვდებიან.