მარცხი ორი მატჩის ჯამში - ხელბურთელები მუნდიალზე ვერ გავიდნენ
ხელბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ავსტრიელებთან 6-ბურთიანი სხვაობით, 31-37 დამარცხდა და ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა. მეტოქე 60 წუთის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, დიდ შესვენებაზე ოთხბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა და საბოლოო ჯამში დამსახურებულად გაიმარჯვა.
წაგების მიუხედავად, ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომლის ანგარიშზეც 10 გოლია. 7-7 ბურთი კი ორმა ქართველმა ხელბურთელმა, ერეკლე არსენიშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ პირველ რაუნდში „თბილისი არენის“ დარბაზში შეხვდნენ და ავსტრიელებმა მაშინ 27-25 გაიმარჯვეს.
2024 წელი ქართული ხელბურთის ისტორიაში უკვე განსაკუთრებულია, რადგან იანვარში საქართველომ კონტინენტის პირველობაზე პირველად იასპარეზა და ჯგუფში ერთი შეხვედრის მოგებაც მოახერხა. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული გუნდის მომდევნო შეკრება ნოემბერშია დაგეგმილი, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ტიტე კალანდაძის მომზადებული გუნდი ჯერ ბერძნებს, შემდეგ კი ისლანდიელებს დაუპირისპირდება.