კიტეიშვილის დუბლი და ფრე ლასკ-თან | შტურმის ჩემპიონობა ბოლო ტურისთვის გადაიდო
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 31-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი„ სტუმრად ლასკ-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ითამაშა.
ქართველი ნახევარმცველი გრაცელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. „შტურმის“ მხრიდან მეტოქის კარში ორივე გოლი კიტეიშვილმა გაიტანა, თუმცა, გრაცელებმა გამარჯვება მაინც ვერ შეძლეს.
ანგარიში ლასკ-მა მე-20 წუთზე, ფლეკერის გოლით გახსნა, 30-ე წუთზე კი ოთარ კიტეიშვილმა მეტოქის საჯარიმოში ართმევაზე კარგად ითამაშა და მცველის შეცდომა საბოლოოდ თავადვე გამოიყენა ზუსტად.
მეორე ნახევრის დებიუტში ქართველმა ნახევარმცველმა „შტურმი“ წინ გაიყვანა და გამარჯვების შემთხვევაში, გრაცელები ავსტრიის ჩემპიონობას ინაღდებდნენ.
თუმცა, 77-ე წუთზე, ლავალის შეცდომის გამო ზეიმი ბოლო ტურამდე გადაიდო. „შტურმის“ მცველმა საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად ლუბიჩიჩმა შეასრულა და წონასწორობაც აღადგინა.
დარჩენილ დროში „შტურმს“ რამდენჯერმე შეეძლო წინ გასვლა, თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა.
ამ ფრის შემდეგ, გრაცელებმა სატურნირო ცხრილში 31 ქულა დააგროვეს და მთავარ კონკურენტ „ზალცბურგს“ რომელმაც თავისი მატჩი 5:1 მოიგო, 2 ქულით უსწრებენ. ბოლო ტურში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „კლაგენფურტს“ მიიღებს და ჩემპიონობას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვებს.
რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში მერვე გოლი გაიტანა და ასევე, მის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაცაა.