გუნდიდან მოთამაშეები გარბიან - ზუროსის პრობლემები აეკში
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ილიას ზუროსს კარიერაში სერიოზული პრობლემები შეექმნა. 58 წლის ბერძენი სპეციალისტი სამშობლოში დაბრუნდა და ათენის „აეკი“ ჩაიბარა, თუმცა დედაქალაქის კლუბი იმდენად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, რომ კალათბურთელები ვარჯიშებზე უკვე ერთი თვეა არ დადიან და ზუროსი საწვრთნელი პროცესის სრულფასოვნად ჩატარებას ვერ ახერხებს. სწორედ ამის თაობაზე ისაუბრა მან ერთ-ერთი ბერძნული სპორტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში
რა თქვა ზუროსმა
უკვე თვეზე მეტია გუნდში სერიოზული უთანხმოებაა. კალათბურთელები არ ვარჯიშობენ, არის საკმაოდ დიდი დავალიანება და ხელმძღვანელობისგან ისინი ხელფასების გადახდას ითხოვენ, რაშიც ასი პროცენტით ვეთანხმები. აეკი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია და ვერ ვხედავ გზას თუ როგორ უნდა გააგრძელოს კლუბმა ფუნქციონირება. ეს ყველაფერი ჩვენს იმიჯს არამარტო წელს მიაყენებს დიდ ზიანს, არამედ კიდევ ხანგრძლივი ვადით დაგვაზარალებს, რადგან მომავალში აეკთან თანამშრომლობას არც ერთი კალათბურთელი აღარ მოისურვებს.
ათენის საკალათბურთო კლუბი „აეკი“ საბერძნეთის 8-გზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის 5-გზის მფლობელია. 1998 წელს გუნდი ევროლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა, 2018 წელს კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რაც შეეხება ილიას ზუროსს, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა 2023 წელს ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.