გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი
Aa
Aa

3 წელი ლოდინი ღირდა - ქვილითაიასა და დვალის ჩემპიონობა კვიპროსზე

ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას აპოელ-ი კვიპროსის ჩემპიონია. კვიპროსის ჩემპიონატის 2023-24 წლების სეზონის ბოლო ტურში აპოელ-ისა და ლარნაკას აეკ-ის მატჩი 1:1 დასრულდა, მატჩის შემდეგ აპოელ-მა ჩემპიონობა იზეიმა. ამ მატჩში აპოელ-ის კაპიტანი გიორგი ქვილითაია იყო.

დღევანდელ მატჩში ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყვნენ, დვალი არ შეუცვლიათ, ქვილითაიამ მინდორი 82-ე წუთზე დატოვა.

ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 8 გოლი გაიტანა (2 პენალტით) და 4 საგოლე პასი შეასრულა. 30-დან 20 შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა კვიპროსულ გუნდს უკაპიტნა.

მატჩის შემდეგ ქვილითაიამ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა: „ამ გამარჯვებას კლუბის თითოეულ წევრსა და თითოეულ ქომაგს ვუძღვნი. სირთულეები გადავლახეთ, ახლა ბედნიერები ვართ, ამ ტიტულს 3 წელი ველოდით, ლოდინი ღირდა''.

რაც შეეხება ამპლუით ცენტრალურ მცველ ლაშა დვალს, 28 მატჩში 3 გოლითა და 1 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.

ლაშა დვალი „ფერენცვაროშში'' თამაშისას უნგრეთის ჩემპიონი სამჯერ გახდა (2019–20, 2020–21, 2021–22) და 2021-22 წლების სეზონში უნგრეთის თასი მოიგო, ქვილითაიასთვის კი პირველი საკლუბო ტიტულია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები