აზაროვი და გოჩოლეიშვილი შახტართან ერთად უკრაინის ჩემპიონები გახდნენ
უკრაინის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში მარინო პუშიჩის გაწვრთნილმა დონეცკის „შახტარმა’’ კიევის „დინამო’’ 1:0 დაამარცხა და მთავარ კონკურენტს 7 ქულით გაუსწრო, „შახტარმა'' სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.
„შახტარის’’ სასტარტოში ირაკლი აზაროვმა ითამაშა, 72-ე წუთზე რაკიცკიმ შეცვალა, ხოლო „შახტარის’’ კიდევ ერთი ქართველი მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია.
22 წლის ირაკლი აზაროვი უკრაინულ კლუბში პირველ სეზონს ატარებს, პრემიერ ლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის აქტივში 2 საგოლე პასია.
23 წლის გოჩოლეიშვილი „შახტარში’’ 2022-23 წლის სეზონის მეორე ნახევარში გადავიდა, მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერ ლიგის მხოლოდ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აზაროვის მსგავსად 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გეტყვით რომ გიორგი უკრაინის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ისევე როგორც მიმდინარე სეზონში, „შახტარი'' შემდეგ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ასევე გეტყვით რომ „შახტარში'' კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, 20 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე ირიცხება, რომელიც ზამთრიდან მოყოლებული სარეზერვო გუნდში თამაშობს, უკრაინის ჩემპიონატის სამატჩო განაცხადში მხოლოდ ორჯერ მოხვდა, თუმცა სავარაუდოდ შემდეგ სეზონში პირველი გუნდის მაისურით ვიხილავთ.