ბრწყინვალე დრიბლინგი და ეფექტური ცრუ მოძრაობა - ალთუნა კარგ ფორმაშია
ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ვენის „აუსტრია’’ შინ „ვოლფსბერგთან’’ 0:4 განადგურდა.
გამარჯვებულთა სასტარტოში სანდრო ალთუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმი სანდროს გუნდმა ტიჯანის გოლით მოიგო, საგოლე შეტევაში ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობდა, გამოსარჩევია მისი ცრუ მოძრაობა და შემდეგ საჯარიმოში შევიდა.
მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე დრიბლინგი განახორციელა, მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ფორვარდმა ცუდად იმოქმედა და ამასთან ერთად თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
0:2-ზე მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ და დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გაუშვეს.
ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ექვსეულში „ვოლფსბერგი'' 28 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ვენის „აუსტრიას'' 2 ქულით უსწრებს.
26 წლის ალთუნაშვილი ავსტრიულ კლუბში სადებიუტო სეზონს ატარებს, ბუნდესლიგის 25 მატჩიდან 24 სასტარტოში დაიწყო, ცვლილებაზე ერთხელ გამოვიდა, 9 ყვითელი ბარათი მიიღო და 1 საგოლე პასი შეასრულა.