სამბისტების ექვსი მედალი ევროპის ჩემპიონატზე
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველმა სამბისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. კონტინენტის პირველობის გამარჯვებულები 88 და 98 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესაბამისად, უშანგი მარგიანი და დავით ლორიაშვილი გახდნენ. გადამწყვეტ ბრძოლაში 30 წლის მარგიანმა რუმინელ გეორგე ბოდირლაუს, 37 წლის ლორიაშვილმა კი სომეხ არსენ ხანძიანს აჯობა. აღსანიშნავია, რომ მარგიანი კარიერის საწყის ეტაპზე ძიუდოს ჭიდაობდა და ის 2015 წლის ევროპული თამაშებისა და 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. გუნდურ შეჯიბრებაში კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი 2014 წელს მონპელიესა და 2016 წელს ყაზანში გახდა.
ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ლუკა წიქვაძეს, რომელიც 79 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში დამარცხდა. სამი ბრინჯაოს მედლიდან საქართველოს დელეგაციას ორი გოგონამ და ერთი კი ვაჟმა სამბისტმა მოუტანა. პრიზიორები ნინო ოძელაშვილი (72 კგ), ელენე ქებაძე (+80 კგ) და ელიზბარ თურქია (71 კგ) გახდნენ. აღსანიშნავია, რომ მარგიანის მსგავსად, ოძელაშვილი და ქებაძეც რამდენიმე წლის წინ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირებზე გამოდიოდნენ, ბოლო პერიოდში კი არჩევანი სამბოზე შეაჩერეს. სპორტული სამბოს ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 30 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.