„მბაპემ კვარას საყვარელი 7 ნომერი დაუტოვა“ - იტალიური გამოცემა
ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ს სახელი ერთად სულ უფრო ხშირად გვხვდება. ბოლო კვირაა ქართველის პარიზში გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება.
ამჯერად გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
„მბაპემ წასვლა უკვე დაადასტურა, მან ვიდეოც გამოაქვეყნა. ის მიდის და 7 ნომერს ვაკანტურს ტოვებს, რომელიც კვარაცხელიას ფავორიტი ნომერია. კლუბმა უკვე თვეებია იცის, რომ კილიანი მიდის. პსჟ არ ეძებს მესისა და ნეიმარის სტილისა და კალიბრის ვარსკვლავებს, რასაც ადრე აკეთებდნენ. კლუბი ამჟამად ნაკლებად გლამურული იმიჯის მქონე ფეხბურთელს ეძებს, მაგალითად, როგორიც კვარაცხელია არის, რომელიც ლუის ენრიკეს პროექტს მშვენივრად მოერგება.
ოფიციალური წინადადება ჯერ არ არის, თუმცა პსჟ-მ იცის, რომ ნაპოლიდან ხვიჩას გატაცება რთული იქნება. ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი პარიზელთა წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. მიუხედავად პსჟ-ს წინადადებისა, ნეაპოლელები ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის განახლებას მაინც ცდილობენ და ახალ პირობებზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
ხვიჩას შემთხვევაშიც ოსიმენის მსგავსი კონტრაქტის გაფორმება განიხილება, რომელშიც გამოსასყიდი თანხა მითითებული იქნება. კვარას ხელშეკრულებაში ამჟამად ეს არ არის და აქედან გამომდინარე მისი ფასი 100 მილიონზე მაღლა მერყეობს. სავარაუდოდ საუბარია 120-130 მილიონ ევრომდე. პსჟ-ს ამის გადახდა შეუძლია, რადგან გაისად მათ რიგებში მბაპე აღარ იქნება, რომლის წასვლითაც კლუბი საკმაოდ დიდ თანხებს დაზოგავს“.
აქვე გეტყვით, რომ მბაპეს წასვლით პსჟ ბიუჯეტში დაახლოებით 400-450 მილიონ ევროს დაზოგავს.