La Repubblica: კვარას 2 ცდუნება აქვს - პსჟ-ში ის ორივეს მიიღებს
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა გრძელდება. კვარასა და პსჟ-ს შესახებ ბოლო 3-4 დღეა იტალიურ-ფრანგული გამოცემები აქტიურობას განაგრძობენ.
ამჯერად ცნობილი იტალიური ვებ გვერდი La Repubblica ახალ ცნობებს ავრცელებს.
„კვარაცხელიამ ტრავმა სრულად მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის, თუმცა ეჭვები მის მომავალ სეზონს უკავშირდება, რომელიც შესაძლოა ნაპოლიში აღარ გაატაროს. დე ლაურენტისის გეგმები ნათელია - მას ახალი გუნდის აშენება ხვიჩას ირგვლივ სურს, თუმცა პსჟ-ს ინტერესი გასათვალისწინებელია.
საფრანგეთში დარწმუნებულნი არიან, რომ ლუის ენრიკეს მბაპეს შემცვლელად კვარაცხელია სურს და მის აგენტთან უკვე შეხვედრაც შედგა.
ქართველი შემტევის ხელშეკრულებას ვადა 2027 წელს ეწურება. დე ლაურენტისი მის გასაყიდად ძალიან დიდ თანხას ითხოვს, რადგან მას ოსიმენთან ერთად მეორე ლიდერის დათმობა არ სურს.
თუმცა კვარას დიდი ცდუნება აქვს - ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და მაღალი ანაზღაურება. ამ ორ რამეს ის პარიზში ნამდვილად მიიღებს. ჯერჯერობით, ფეხბურთელი და მისი აგენტი ნაპოლისთან შეთანხმებას ვერ ახერხებენ“.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ჯუღელსა და აურელიო დე ლაურენტისს შორის გადამწყვეტი შეხვედრა მაისის ბოლოს უნდა შედგეს.