კვეკვესკირი წამსვლელთა შორის მოხვდა
პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე დიდი დაძაბულობა და სატურნირო ცხრილში სერიოზული სიმჭიდროვეა. ლიდერსა და მეშვიდე ადგილზე მყოფ გუნდს შორის სხვაობა სულ რაღაც 8 ქულაა და ჩემპიონობისთვის და ევროსაგზურებისთვის ერთბაშად რამდენიმე კლუბი იბრძვის. მათ შორისაა “ლეხი”, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკოლოზ კვეკვესკირი თამაშობს, თუმცა შესაძლოა მას სულ მალე პოზნანელების დატოვება მოუწიოს.
მართალია ჯერ სეზონი არ დასრულებულა და სატრანსფერო თემებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ჩამოთვლილი იყო ის ფეხბურთელები, რომლებიც “ლეხიდან” ზაფხულში წავლენ და მათ შორის 31 წლის ქართველი ნახევარმცველის გვარიც ფიგურირებდა. კვეკვესკირი წლებია ამ გუნდის ღირსებას იცავს, თუმცა მას რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, რის გამოც კლუბის გამოცვლის წინააღმდეგი არც თავად არ უნდა იყოს. ბუნებრივია, მარტში მიღწეულმა სანაკრებო წარმატებამ სხვა ქართველი ფეხბურთელების მსგავსად, მის კარიერაზეც დადებითი ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითავ კარგად ჩანს, რომ ნიკოლოზს ბოლომდე არ ენდობიან. სად განაგრძობს კარიერას და რომელი გუნდები არიან მისით დაინტერესებული, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
კვეკვესკირის კარიერა 2009 წელს ზუგდიდის „ბაიაში“ დაიწყო, რასაც 2011-2014 წლებში „დინამო თბილისში“ გატარებული სამწლიანი პერიოდი მოჰყვა. საქართველოს 19-გზის ჩემპიონში თამაშის შუალედში იყო ნახევარსეზონიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის დროსაც ის ცხინვალის „სპარტაკში“ გამოდიოდა 2014 წელს ნიკოლოზი გორის „დილაში“ გადაბარგდა, 2015 წლიდან კი ის საზღვარგარეთ გამოდის და სანამ „ლეხში“ აღმოჩნდებოდა, ბაქოს „ინტერის“, „გაბალასა“ და კუსტანაის „ტობოლის“ ღირსებას იცავდა. 2024 წლის 26 მარტს, ბერძნებთან ისტორიულ შეხვედრაში მის ანგარიშზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი პენალტია. ეროვნულ გუნდში კვეკვესკირის მომდევნო მატჩი, საიუბილეო, მე-60 იქნება.