სანიოლი: საქართველოში ასეთი მიდგომა აქვთ - ყველაფერი ან არაფერი
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი FIFA-ს ოფიციალურ ვებ გვერდს ესაუბრა. რა თქმა უნდა, სასაუბრო თემა საქართველოს ნაკრების ისტორიული შედეგი და ევრო 2024-ზე გასვლა იყო.
FIFA: „2024 წლის 26 მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანამ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ზე თამაშის უფლება მოიპოვა. ეს საქართველოსთვის დიდ ტურნირზე პირველი კვალიფიკაციაა და ამან შესაძლოა ქართული ფეხბურთის ბედი სამუდამოდ შეცვალოს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფეხბურთის ოქროს თაობა ქებას იმსახურებს, რომელსაც ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს, წარმატებაში თავისი წვლილი ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმაც შეიტანა, რომელიც სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა“.
ვილი სანიოლი:
„მას შემდეგ, რაც ევრო 2024-ზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ, პირველი 2-3 კვირის განმავლობაში ყველანი საკუთარ თავებს ვეკითხებოდით: „ეს მართლა მოხდა? მართლა გავედით დიდ ტურნირზე“?
როგორ დაიწყო ყველაფერი?
„2020 წელს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა გამეწვრთნა გუნდი და კვლავ ბედნიერი ვყოფილიყავი. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ფეხბურთისგან უნდა დაისვენო და პაუზა აიღო. ვფიქრობდი, რომ თუ კი რაიმე უცნაური პროექტი გამოჩნდებოდა, ეს ჩემთვის უკეთესი იქნებოდა.
აქამდე საქართველოსთან არაფერი მაკავშირებდა და როცა გავიგე, რომ მათ ჩემი მიწვევა სურდათ, გავიფიქრე: „რატომ საქართველო?“ მათ შესახებ წარმოდგენაც არ მქონია.
როცა ნაკრები ჩავიბარე, პირველ რიგში შემადგენლობის გაახალგაზრდავება იყო საჭირო. წარმატებული და წარუმატებელი დღეებიც გვქონდა, თუმცა ფედერაციისგან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. რაც ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მას შემდეგ, რაც მე და ჩემი გუნდი აქ ვმუშაობთ, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო მოგებათა მაჩვენებელი დააფიქსირა. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ინფრასტრუქტურისა და აკადემიის მიმართულებით რამდენიმე კარგი იდეა განახორციელა. აქამდე იყო დრო, როცა ბავშვებს სათამაშო მოედნებიც კი არ ჰქონდათ“.
გუნდთან ურთიერთობა
„ჩემს ფეხბურთელებს უყვართ, როდესაც ჩემი კარიერიდან პატარ-პატარა ისტორიებს ვუყვები, მაგრამ თუ ყოველ ჯერზე საკუთარ თავზე ვისაუბრებ და ჩემი წარსულის მაგალითებს მოვიყვან და მათთვის რაიმეს ახსნას ამ გზით შევეცდები, თუნდაც ეს მათთვის პატივსაცემი იყოს - აქედან არაფერი გამოვა. ამ დროს ისინი იფიქრებენ: „დიახ, შენ მოიგე და ეს კარგია შენთვის“. მაგრამ მათთვის გამოდგება კი ეს ყველაფერი მათი პრობლემების გადასაჭრელად?“
ვილი და ნაკრები - სამომავლო მოლოდინები
„საქართველოს ნაკრებს აქამდე დიდ ტურნირზე არასდროს უთამაშია, მაგრამ როდესაც საბერძნეთს მოვუგეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ხალხი უკვე ტურნირის 1/8-ფინალში გასვლაზე ალაპარაკდა (იცინის). საქართველოში ასეთი მიდგომა აქვთ - ყველაფერი ან არაფერი.
მე როგორც მწვრთნელი, ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან სისულელე იქნება ვთქვა, რომ მოვიგებთ ამას ან ამას. ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოში ხალხში საფეხბურთო განწყობის ამაღლებაა. თუ ამას შევძლებთ, თუ მოვახერხებთ ვიყოთ უფრო მეტად თავდაჯერებულები, შევიძენთ მეტ გამოცდილებას, შემდეგ შესაძლებელი იქნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაცილებით წარმატებით ჩავატაროთ“.
საქართველოსა და აქ ცხოვრებაზე
„ყველა უცხოელი მწვრთნელი, ვინც აქ ჩემამდე მუშაობდა, სანაკრებო შეკრების დასრულებიდან მეორე დღესვე ქვეყნიდან გარბოდა. ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ დიდ ხანს დარჩენა (ვილი წელიწადში 6-7 თვე საქართველოში ცხოვრობს). მიმაჩნია, რომ ადგილობრივი კულტურა ქვეყნის ცხოვრებაზე მნიშვნელოვნად ისახება. ასევე ფეხბურთელების თამაშზეც ახდენს გავლენას და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამაში გავრკვეულიყავი“.
FIFA: „ფრანგი ალბათ თავისი კარიერის უდიდეს გამოწვევას იღებს, მაგრამ იმ ადამიანის კვალობაზე, რომელმაც კოვიდპანდემიის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მისთვის მთავარი ბედნიერება იყო, სანიოლი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კმაყოფილ მწვრთნელად მოჩანს“.
- წერს FIFA-ს ვებ გვერდი.