პარიზელებმა 130 მილიონი გაამზადეს - კვარას ტრანსფერი რეალური ხდება
წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე აქამდეც ხშირად წერდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც კილიან მბაპემ საჯაროდ განაცხადა, რომ წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს, მის სავარაუდო შემცვლელებზე ინფორმაციების გავრცელება უკვე ფრანგულმა სააგენტოებმაც დაიწყეს და ისინიც საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგების მთავარ კანდიდატად 23 წლის ქართველ ფეხბურთელს ასახელებენ.
Le Parisien-ის ცნობით, პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში „ნაპოლის“ წარმომადგენლებთან და ხვიჩას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტრანსფერი მალე დაიხურება. კლუბთან 2027 წლამდე მოქმედ ხელშეკრულებაში წერია, რომ კვარაცხელიას მსურველმა გუნდმა მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, თუმცა ბუნებრივია, რომ პარტენოპეის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ასტრონომიულ თანხად არაერთი ვარსკვლავი გაყიდა, ერთ-ერთ მთავარ ლიდერს ამ ფასად არ შეელევა, რის გამოც პარიზელები თადარიგს იჭერენ და მზად არიან მას სერია A-ს შარშანდელი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ 130 მილიონი გადაიხადონ, რაზეც ძალიან დიდი ალბათობით ნეაპოლელები უარს ვერ იტყვიან.
ოცდათხუთმეტი ტურის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-8 ადგილზეა. კვარას ანგარიშზე კი ყველა ტურნირზე გამართულ 43 შეხვედრაში 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.