„გამიკვირდა, რომ დათანხმდა“ | პერეირას განცხადება და დოლიძის განმარტება
რომან დოლიძეს მომდევნო ბრძოლა ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ 30 წლის მებრძოლი ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა. ერნანდესის უარის შემდეგ, დაიწერა, რომ „კავკასიელი“ 8 ივნისს, მიჩელ პერეირას დაუპირისპირდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერც ამ ბრძოლას ვიხილავთ.
პერეირა და დოლიძე ერთ გუნდში, Xtreme Couture-ში ვარჯიშობენ და მიჩელის თქმით, მას თანაგუნდელთან ჩხუბზე თანხმობა არ უთქვამს. პერეირამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა: „ამ ბრძოლაზე თანხმობა არ მითქვამს. ეს ბიჭი UFC PI-ში ყოველდღე ჩემთან ერთად ვარჯიშობს. მან თანხმობა განაცხადა, მაგრამ მე იგივე არ გამიკეთებია. ვთვლი, რომ ახლა მასთან ჩხუბისთვის შესაფერისი მომენტი არაა. თუ ის დათანხმდა, ეს მისი პრობლემაა. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ დათანხმდა, რადგან ვთვლი, რომ სპარინგ-პარტნიორთან ერთად, მეგობარიცაა. როგორც ჩანს, მისთვის იგივე არ ვარ“.
პერეირას განცხადების შემდეგ, დოლიძემ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: „დიახ, ერთად ვვარჯიშობთ. მითხრეს, რომ 8 ივნისს ჩხუბზე თანხმობა თქვა (არა 1-ელ ივნისს, როცა ერნანდესთან უნდა მეჩხუბა) და UFC-იმ მთხოვა, თარიღი შემეცვალა. კონტრაქტი გუშინ გამომიგზავნეს. თუ თარიღის შეცვლას მთხოვენ და ის თანახმაა, რა თქმა უნდა, კონტრაქტს ხელს ვაწერ“.
დოლიძე და პერეირა ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომანს მეგობართან ჩხუბის სურვილი პირველს გამოეხატა. ალბათ, გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და UFC-იმ ბრძოლის ჩანიშვნა ორმხრივი თანხმობის გარეშე სცადა.