მეკარის ასისტი, წითელი ბარათი და შეცდომა | დინამო თბილისმა იბერია 1999-ს მოუგო
Crystalbet ეროვნული ლიგის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც „დინამო თბილისი“ ჩემპიონატის ლიდერს, „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა და მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს.
მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. „დინამო თბილისის“ მეკარემ, გიორგი ლორიამ ოსკარ სანტისს ბურთი ხელით გადააწოდა. სანტისმა ნახევარი მოედანი გაიარა და მეტოქის კარის მიმართულებით დაარტყა. ლაზარე კუპატაძემ უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც, ლორიას ასისტი და სანტისის გოლი მივიღეთ.
მატჩის 42-ე წუთზე, „იბერია 1999“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მთავარმა არბიტრმა, გიორგი კიკაჩეიშვილმა გიორგი ჯგერენაია გააძევა. თავდაპირველად, კიკაჩეიშვილმა ჯგერენაიას ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა და წითელი ბარათი მისცა. „დინამომ“ უპირატესობა შეინარჩუნა და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
თბილისურ კლუბს 17 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 გახლავთ. „იბერია 1999“ კვლავინდებურად ლიდერია და 29 ქულა აქვს. „დინამო თბილისი“ მომდევნო შეხვედრას 14 მაისს, „სამტრედიასთან“ გამართავს, „იბერია 1999“ „დილას“ დაუპირისპირდება.