6-გოლიანი ტრილერი | კოლხეთი 1913 1:3-ს აგებდა, მაგრამ ქულა გადაარჩინა
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-13 ტურში, „კოლხეთი 1913“-მა და „სამგურალმა“ ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი გვაჩუქეს. შეხვედრაში 6 გოლი გავიდა და ფოთელები 1:3-ს აგებდნენ, მაგრამ ქულა გადაარჩინეს - 3:3.
მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-3 წუთზე, ლუკა ხორხელის კუთხურს ნიკა კალანდარიშვილის თავური და გოლი მოჰყვა. 37-ე წუთზე, „სამგურალის“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ალექსანდრე ვერულიძემ გიორგი ფანცულაიას გადაცემით ისარგებლა და წყალტუბოელებმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს.
„კოლხეთი 1913“-მ ჩამორჩენა 57-ე წუთზე, გიორგი ხარებავას გოლით შეამცირა. 67-ე წუთზე, „სამგურალმა“ ულამაზესი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც ლუკა ხორხელმა დააგვირგვინა - 1:3. წყალტუბოელებს რამდენიმე წამში გიორგი აბუაშვილმა უპასუხა. ამ უკანასკნელმა ნოდარ ყალიჩავას კარი ულამაზესი დარტყმით აიღო, 89-ზე კი დუბლი გაიფორმა და „კოლხეთი 1913“-ს ქულა გადაურჩინა - 3:3.
ცნობისთვის, 13 ტურის შემდეგ, ფოთელებს 14 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებენ. „სამგურალის“ ანგარიშზე 10 ქულაა და მე-9 ადგილზე არიან. „კოლხეთი 1913“ მომდევნო შეხვედრას „თელავთან“ გამართავს, „სამგურალი“ „გაგრას“ დაუპირისპირდება.