„კვარას ყოველდღე დაცვა და მხარდაჭერა სჭირდება“ | სპალეტიმ ნაპოლი გააკრიტიკა
„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ Corriere della Sera-ს ინტერვიუ მისცა. იტალიის ნაკრების თავკაცმა „პარტენოპეიში“ შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის პრობლემები მთავარი მწვრთნელების ხშირმა ცვლილებამ განაპირობა.
„რა დაემართა ნაპოლის? კლუბები 3 თავკაცს 5 წელიწადში არ იცვლიან ხოლმე. როგორ შეიძლება, რომ სამი, ერთამეთისგან განსხვავებული ხასიათის მქონე მთავარი მწვრთნელის მეთოდები რამდენიმე თვეში გაითავისო და შეისწავლო?! ეს წარმოუდგენელი მიდგომაა.
ზოგჯერ, ფეხბურთელებს დამშვიდება და იმის თქმა სჭირდებათ, რომ ძლიერები არიან. ჯოშუა ზირკზესა და ხვიჩა კვარაცხელიას მსგავს მოთამაშეებს ყოველდღე დაცვა, მოვლა და მხარდაჭერა სჭირდებათ“.
შეგახსენებთ, რომ სპალეტი „ნაპოლისთან“ ერთად სერია A-ს გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი კარიერა იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე გააგრძელა. ლუჩანოსთან ერთად, „კვარა“ სერია A-ს MVP გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდას ჯილდოც მიიღო. სპალეტის წასვლის შემდეგ, „ნაპოლიმ" რუდი გარსია დანიშნა. ფრანგი სპეციალისტი მალევე გაუშვეს და ის ვალტერ მაცარიმ ჩაანაცვლა, „პარტენოპეის" ამჟამინდელი თავკაცი კი ფრანჩესკო კალცონაა.