დანაკლისი გერმანიის ნაკრებში | გნაბრი და ვერნერი ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებენ
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და 14 ივნისს დაიწყება. ტურნირის მასპინძელი, გერმანიის ნაკრები მოახლოებულ ევრო 2024-ს სერიოზული დანაკლისით ხვდება. ცნობილი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, „ბუნდესმანშაფტს“ სერჟ გნაბრი და ტიმო ვერნერი დააკლდებიან.
„სერჟ გნაბრი ევროპის ჩემპიონატს ყველა ვარიანტში გამოტოვებს. მან მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთი გაიწყვიტა და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. დიდია ალბათობა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ტიმო ვერნერმაც ვერ ითამაშოს. მას ასევე ბარძაყის კუნთი აწუხებს“, - წერს გერმანელი ჟურნალისტი.
⚠️ News Serge #Gnabry | He will definitely miss the EUROs due to his torn muscle in his left hamstring. Gnabry will be out for weeks.
— Florian Plettenberg (@Plettigoal) May 10, 2024
It's highly likely that Timo Werner will also miss the EUROs due to his thigh injury. His last international match was in March 2023. A final… pic.twitter.com/wv4n4eKbSV
შეგახსენებთ, რომ გერმანია A ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები შოტლანდიის, უნგრეთისა და შვეიცარიის ნაკრებები არიან. „ბუნდესმანშაფტი“ ტურნირის გახსნით შეხვედრას შოტლანდიასთან გამართავს და „სკოტებს“ 14 ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების განაცხადები უეფა-ს 7 ივნისს უნდა გადაეცეს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ცვლილებებს დაუჭირა მხარი და განაცხადის ზომა 26 კაცამდე გაიზარდა.