617 ქულა 51 შეხვედრაში - როგორია შერმადინის წლევანდელი სტატისტიკა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი სამწუხაროდ, გიორგი შერმადინისთვის პლეი ოფის დაწყებამდე დასრულდა. 5 მაისს, „ბრეოგანთან“ გამართულ რეგულარული პირველობის 32-ე ტურის შეხვედრის პირველ მეოთხედში, „ლენოვო ტენერიფეს“ ქართველმა ლეგიონერმა ერთ-ერთ ეპიზოდში ნეკნი დაიზიანა, რის გამოც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს და ამ სეზონში თანაგუნდელებს ვეღარ დაეხმარება.
წლევანდელ სეზონში 35 წლის შერმადინმა ლიგა ენდესაში, სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 51 შეხვედრაში პარკეტზე ჯამში გატარებულ 1139 წუთში 617 ქულა, 248 მოხსნა და 82 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მისთვის განსაკუთრებით შედეგიანი მარტი იყო, როდესაც ის ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.
მატჩის MVP გიორგი 5-ჯერ, „ტენერიფე“ – „ვალენსიას“ (86:94), „ტენერიფე“ – „ხოვენტუტის“ (90:70), „ტენერიფე“ – „ბარსელონას“ (80:83), „ანდორა“ – „ტენერიფეს“ (66:79) და „ტენერიფე“ – „ბილბაოს“ (101:84) შეხვედრებში გახდა. სამ შემთხვევაში კი, „გრან კანარია“ – „ტენერიფე“ (82:94), „დარუშაფაკა“ – „ტენერიფე“ (88:84) და „რიგა“ – „ტენერიფეს“ მატჩისას ყველაზე შედეგიანი თანაგუნდელებს შორის იყო. ორმაგი დუბლი კანარის კუნძულების კლუბის ქართველმა ცენტრმა „მურსიასთან“ (13 ქულა, 10 მოხსნა) და „ანდორასთან“ (23 ქულა, 10 მოხსნა) თამაშებში შეასრულა.
შერმადინის გარეშე დარჩენილი „ლენოვო ტენერიფე“ „ბრეოგანთან“ (54:76) მატჩის შემდეგ, 9 მაისს, „ხოვენტუტთანაც“ (88:96) დამარცხდა. ლიგა ენდესას რეგულარულ სეზონს კანარის კუნძულების კლუბი კვირას, „მანრესასთან“ საშინაო შეხვედრით დაასრულებს.