„ომალი კარგი მებრძოლია, მაგრამ ახლა ჩემი დროა“ | მერაბს ჩემპიონობის სჯერა
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, შონ ომალიზე ისაუბრა. „მანქანამ“ „შუგას“ კარგი სტრაიკერი და მაღალი დონის მებრძოლი უწოდა, მაგრამ დასძინა, რომ მისი დამარცხება და საჩემპიონო ქამრის მოპოვება შეუძლია.
„ჰენრი სეხუდოს, ჟოზე ალდოსა და პიოტრ იანის მსგავს ლეგენდებთან ჩხუბი ახდენილი ოცნებაა. მათთან უმნიშვნელოვანესი ბრძოლები გავმართე და გამარჯვება ჩემთვის, ჩემი ქვეყნისთვისა და ჩემი გუნდისთვის დიდი წარმატება იყო. თავდაუზოგავად ვშრომობ და ამას შედეგი ყოველთვის მოაქვს.
10-ბრძოლიანი წაუგებელი სერია მაქვს, მაგრამ ამაზე არ ვარ ორიენტირებული. ჩემი კონცენტრაცია მთლიანად მომდევნო ბრძოლისკენ და სასურველი შედეგის დაფიქსირებისკენაა მიმართული. შონ ომალის ვხვდები და მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, რათა შუგა დავამარცხო. მჯერა, ეს შემიძლია. დიახ, ის კარგი სტრაიკერი და მაგარი მებრძოლია, მაგრამ მისი დამარცხება შემიძლია. ომალის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. შონი მომწონს კიდეც. როგორც აღვნიშნე, ის კარგი მებრძოლია, მაგრამ ახლა ჩემი დრო მოვიდა“.
შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა 14 სექტემბერს, UFC 306-ზე უნდა გაიმართოს, თუმცა, UFC-ს ამ თემაზე კონკრეტული არაფერი უთქვამს.