ახალი კონტრაქტი ილუზიაა? ნამდვილად სურს კვარას შენარჩუნება დე ლაურენტისს?
ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ყველა იტალიური გამოცემა ინტენსიურად წერს, და არა მარტო იტალიური. ამ თემით დაიღალა და საინტერესო სტატიას აქვეყნებს ასევე იტალიური ვებ გვერდი vesuviolive-ი, რომელიც კვარას ახალ ხელშეკრულების გაგრძელებას ილუზიას უწოდებს.
„კვარაცხელიას კონტრაქტის გასაგრძელებლად, მოლაპარაკებები უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. საპნის ოპერა პრაქტიკულად ყოველდღიურად განახლებადია, რომელიც უაზრობებს მოიცავს და დღემდე ოფიციალური არაფერი მოჰყოლია.
ახალი კონტრაქტი ჯერ მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი. ნამდვილად სურს დე ლაურენტისს კვარაცხელიას შენარჩუნება?
ბოლოს Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ და ნაპოლის წინადადება წლიურად 4 მილიონი ევროა. ხელშეკრულება კი 2028 წლამდე უნდა გაგრძელდეს. თუმცა კვარას გარემოცვა 5 მილიონს ითხოვს. ეს კი დე ლაურენტისს აყოვნებს. ამჟამად ქართველი 1.2 მილიონს იღებს, რაც მისი სათამაშო დონიდან გამომდინარე აშკარად დაბალია.
მოალაპარაკებები სეზონის დასაწყისიდან მიმდინარეობს, თუმცა ნანატრი თეთრი კვამლი არ ამოსულა. ამავდროულად, ორი გიგანტი, როგორიცაა ბარსელონა და პსჟ, კვარასკენ სახიფათოდ მიიწევენ, ისინი სერიოზულად აპირებენ თავიანთი რიგები ქართველი შემტევით გააძლიერონ. პარიზელები კვარას მბაპეს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც მადრიდის რეალში გადადის.
ნაპოლის ამ დრომდე არ აქვს საბოლოო გეგმა, რომელიც ახალ სეზონზე იქნება მორგებული. გუნდში ჯერ არ იციან როგორი იქნება მომავალი. კლუბში სრული ორგანიზაციული არაეფექტურობაა. არც მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებულა საჯარო განცხადებები.
კლუბში არის ნაცრისფერი ღრუბელი, რომელიც ნელ-ნელა შავი ხდება“.
- წერს იტალიური გამოცემა.
ბოლო ცნობებით, პსჟ ხვიჩას მიმართ დიდ ინტერესს იჩენს და მამუკა ჯუღელს პარიზელები რომში უკვე შეხვდნენ. ამ ეტაპზე ორივე მხარე კმაყოფილია და როგორც RMC Sport-ი წერს, ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად ხვიჩაა. პარიზელები ფინანსურად მომგებიან სიტუაციაში იმყოფებიან. მათთვის „ნაპოლის“ მიერ მოთხოვნილი პირობების შესრულება პრობლემა არ იქნება. ამ მხრივ, მათ „ბარსელონასთან“ შედარებით აშკარა უპირატესობა აქვთ.