ზურიკო დავითაშვილი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

შარშან ჯუღელმა ეს ვერ შეძლო - იდეალური მომენტი ზურიკოს ტრანსფერისთვის

„ბორდოს’’ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია, ბოლო ორთვიან პერიოდში ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ბოლო ათ მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

ზურიკოს მენეჯერს, მამუკა ჯუღელს კარგი შანსი აქვს ეს შესაძლებლობა მაინც გამოიყენოს და „ბორდოს’’ გარემარბი უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადაიყვანოს.

ჯუღელს გაცილებით კარგი შანსი გასული წლის ზაფხულში ჰქონდა, როცა ზურიკომ „ბორდოსა’’ და ეროვნულ ნაკრებში პროდუქტიული თამაშის შემდეგ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ნიდერლანდებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა, თუმცა ჯუღელმა თავისი საქმე ვერ შეასრულა და მოთამაშე „ბორდოში’’ დარჩა.

შესაძლებლობა რომელიც ჯუღელმა გასულ წელს ვერ გამოიყენა

გასული სეზონის მაისში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, აღნიშნულ თვეში ლიგა 2-ის ოთხ მატჩში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სტაბილურობა სანაკრებო მატჩებშიც გაგრძელდა, კვიპროსთან სკამზე იჯდა, ცვლილებაზე გამოვიდა, შორეულ დაბალ კუთხეში გაიტანა, ამ გოლით სანიოლის გუნდმა ლარნაკადან 3 ქულა წამოიღო.

რამდენიმე დღეში შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ დავითაშვილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშა. ნიდერლანდებს ფანტასტიკური გოლი გაუტანა, როცა დრიბლინგისას მეტოქის ხუთ ფეხბურთელს გასცდა. UEFA-ს გამოკითხვაში მისი გოლი ჩემპიონატის საუკეთესო ათ გოლში მესამე ადგილზე გავიდა.

ამ დონის ჩემპიონატს უამრავი სკაუტი და მენეჯერი ესწრება. მიუხედავად ამისა, ზურიკო „ბორდოში’’ დარჩა, კარგი სათამაშო ფორმისა და სტაბილურად შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისმა მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა უკეთეს კლუბსა და უკეთეს ჩემპიონატში ვერ გადაიყვანა. „ბორდოს'' ფინანსური პრობლემების გამო დავითაშვილის გაყიდვა გასულ ზამთარშიც სურდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელი ცუდ ფორმაში იყო და ამ მომენტში ჯუღელის მიმართ კრიტიკის საფუძველი არ გვაქვს.

გასული წლის აგვისტოდან მიმდინარე სეზონის მარტის ბოლომდე დავითაშვილი საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენდა, ლიგა 2-ის 25 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ფრანგული მედია ხშირად აკრიტიკებდა, თუმცა კრიტიკა მხოლოდ ქართველს არ ეხებოდა, „ბორდო'' არასტაბილური იყო და ლიგა 2-ის საუკეთესო ექვსეულშიც ვერ ხვდებოდა.

ზურიკოს თამაშებს რეგულარულად ვუყურებდი, თითქმის ყოველ მატჩში ინერტული იყო, დამაგვირგვინებელ ფაზაში კატასტროფულად მოქმედებდა, შეტევების გამწვავება ძალიან უჭირდა, ზოგჯერ განსხვავებას იმ შეხვედრებშიც კი ვერ ქმნიდა, რომლებიც ჟირონდელთა გამარჯვებით სრულდებოდა, თუმცა საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ კარგი განწყობა მის საკლუბო მატჩებზე დადებითად აისახა, ლიგა 2-ის ბოლო 10 შეხვედრაში 5 გოლითა და 3 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს და თუ მისი კარგი თამაში ევრო 2024-ზეც გაგრძელდება, ტრანსფერისთვის იდეალური ვითარება შეიქმნება.

აპრილში ზურიკომ ხუთ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები