სიგიჟის ზღვარზე | ლევერკუზენის მორიგი რეკორდი და კიდევ 1-ის მოლოდინში
ევროპა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენმა“ „რომას“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში ფრედ 2:2 ითამაშა.
რომში გერმანელებს 2:0 ჰქონდათ მოგებული. დღეს კი ლეანდრო პარედესის 2 ზუსტი პენალტით რომაელებმა წონასწორობა აღადგინეს.
თითქოს „ლევერკუზენი“ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა ამ სეზონში მსგავსი სიტუაციებიდან თავი უამრავჯერ დაიძვრინეს. ამჯერადაც ასე მოხდა.
ალონსოს გუნდმა ჯერ 82-ე წუთზე მანჩინის ავტოგოლით ერთი ბურთი გაქვითეს, 97-ე წუთზე კი ცვლილებაზე შესული (90-ე წუთზე შევიდა) სტანიშიჩის დიდებული გოლით ანგარიში გაათანაბრეს და ევროპის რეკორდიც დაამყარეს.
ზედიზედ 49 წაუგებელი მატჩი - აქამდე ევროპაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა!
ამრიგად, 22 მაისს ფინალში „ლევერკუზენი“ ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდება. ჩაბი ალონსოს გუნდს სეზონში სულ 4 ოფიციალური მატჩი დარჩა ჩასატარებელი (2 ბუნდესლიგა, 1 გერმანიის თასის ფინალი, 1 ევროპა ლიგის ფინალი) და სამიდან სამივე ტურნირის წაუგებლად ჩატარება, ამავდროულად მოგებაც შეუძლიათ, რაც აქამდე ასევე არავის გაუკეთებია.