კარლო ანჩელოტი, სერ ალექს ფერგიუსონი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, დანი კარვახალი, ნაჩო
Aa
Aa

ანჩელოტის და რეალის რეკორდები რეკორდმაისტერთან

მადრიდში გამართული „რეალი“ – „ბაიერნის“ შეხვედრა გულშემატკივარს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება და ბუნებრივია, მატჩი დაუვიწყარი იყო კარლო ანჩელოტისთვისაც, რომელმაც თავისი ისედაც მდიდარი კარიერა კიდევ რამდენიმე რეკორდით გაამდიდრა. იტალიელი გახდა პირველი სპეციალისტი ისტორიაში, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 6-ჯერ გაიყვანა. მან ამის გაკეთება სამჯერ „მილანის“ (2003, 2005, 2007), სამჯერ კი „რეალის“ (2014, 2022, 2024) მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობისას მოახერხა და მხოლოდ ერთხელ, ცხრამეტი წლის წინ, სტამბულში „ლივერპულთან“ დამარცხდა.

განსაკუთრებით კარგი სტატისტიკა ანჩელოტის თავის სამწვრთნელო კარიერაში „ბაიერნთან“ მატჩებში ჩამოუყალიბდა, რომელსაც 10-ჯერ შეხვდა (7 მოგება, 3 ფრე) და ჯერჯერობით არ წაუგია, 2016-2017 წლებში კი „რეკორდმაისტერს“ თავად ამზადებდა. 64 წლის კარლოსთვის გუშინდელი შეხვედრა მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონთა ლიგაში რიგით 203-ე იყო, რითაც აქამდე ერთპიროვნული რეკორდსმენის, სერ ალექს ფერგიუსონის (202) მიღწევა გააუმჯობესა. მათ გარდა, ასევე ათეულში არსენ ვენგერი (190), პეპ გუარდიოლა (171), ჟოზე მოურინიო (151), მირჩა ლუჩესკუ (115), დიეგო სიმეონე (105), იურგენ კლოპი (102), მასიმილიანო ალეგრი (100) და ოტმარ ჰიტცფელდი (97) შედიან.

ანჩელოტის მსგავსად, „ბაიერნთან“ ურთიერთშეხვედრებში „რეალსაც“ დადებითი სტატისტიკა ჩამოუყალიბდა და „ბლანკოსი“ „რეკორდმაისტერთან“ 2012 წლის შემდეგ არ დამარცხებულა. მას შემდეგ ამ გუნდებს შორის გამართული 9 დაპირისპირებიდან 7 ესპანელებმა მოიგეს და 2 ფრედ დასრულდა. როგორც უკვე იცით 1 ივნისს, „უემბლიზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამეფო კლუბის მეტოქე დორტმუნდის „ბორუსია“ იქნება, რომელსაც ამ ტურნირზე აქამდე 14-ჯერ შეხვდა, 6-ჯერ დაამარცხა, 5-ჯერ ფრედ ეთამაშა და 3-ჯერ თავად დამარცხდა. „რეალის“ გამარჯვების შემთხვევაში, მისი ოთხი ფეხბურთელი, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, დანი კარვახალი და ნაჩო ფერნანდესი ლიგას მეექვსედ მოიგებს და ერთპიროვნულ რეკორდსმენ ფრანსისკო ჰენტოს გაუთანაბრდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსი: “წავედით მეთხუთმეტეს მოსაგებად“
ვინისიუსი: “წავედით მეთხუთმეტეს მოსაგებად“