მამუკელაშვილს მეტ სათამაშო დროს უწინასწარმეტყველებენ
NBA-ში სეზონის გადამწყვეტი მატჩები მიმდინარეობს, თუმცა „სან ანტონიოსთვის“ წელი დიდი ხანია დასრულდა და ტეხასის კლუბმა პლეი ოფის საგზური ამჯერადაც ვერ მოიპოვა, რის გამოც სხვადასხვა ამერიკულ სპორტულ გამოცემებში უკვე „სპურსის“ სამომავლო გეგმებზე იწერება, სადაც სანდრო მამუკელაშვილის როლი საკმაოდ მკაფიოდ არის ნახსენები.
Inside The Spurs-ის ცნობით, მომდევნო სეზონში „სან ანტონიოში“ ახალი გუნდი ლიგის საუკეთესო მცველის, ვიქტორ ვემბანიამას გარშემო აშენდება. მასთან ერთად სასტარტო ხუთეულში თამაშს ჯერემი სოუჩანი, დევინ ვასელი და კიდევ ორი ახალწვეული დაიწყებს, რომელსაც „სპურსი“ დრაფტზე აიყვანს, ან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.
რაც შეეხება მამუკელაშვილს, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, როგორც მისი, ასევე სხვა სათადარიგო მოთამაშეების დრო წლევანდელ სეზონთან შედარებით გაიზრდება. ეს კი წელს ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე სრულიად დამსახურებული იქნება - „სპურსის“ რეზერვისტები თამაშში საშუალოდ 39,7 ქულას აგროვებდნენ, რაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეხუთე მაჩვენებელი გახლდათ.
მიუხედავად იმისა, რომ როცა შანსს აძლევდნენ, მუდამ უმაღლეს დონეზე გამოიყურებოდა, 24 წლის ქართველმა კალათბურთელმა გასულ წელს „სან ანტონიოს“ რიგებში 82-დან მხოლოდ 46 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძირითადად მისი სათამაშო დრო შეზღუდული იყო და პარკეტზე ჯამში მხოლოდ 416 წუთი და 22 წამი გაატარა. ამ დროის მანძილზე კი „მამუს“ ანგარიშზე 190 ქულა, 146 მოხსნა და 48 შედეგიანი გადაცემაა.
სამი შეხვედრა იყო ისეთი, სადაც სანდრომ თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა - 1 აპრილს „გოლდენ სტეიტთან“ 113-117 წაგებულ დაპირისპირებაში, 10 აპრილს „მემფისთან“ 107-82 მოგებულ მატჩში და 13 აპრილს „დენვერთან“ 121-120 ოვერტაიმში გამარჯვებით დასრულებულ შეხვედრაში. „სან ანტონიომ“ კი დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ გაუსწრო და 22 მოგებითა და 60 წაგებით ბოლოსწინა ადგილზე გავიდა.