ნიკო და დარვინი - 2 ახალი სამიზნე ბარსას რადარზე
„ბარსა“ ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და შესაძლოა ეს ყველა რგოლს შეეხოს.
გუნდში უკმაყოფილონი არიან თავდასხმის ხაზის დაბალშედეგიანობით, რომელთა შორის ხელშეუხებლობის გარანტია მხოლოდ 16 წლის ლამინ იამალს აქვს.
კლუბი მარცხენა გარემარბის და ახალი ცენტრფორვარდის შეძენას შეეცდება. მარცხენა ფლანგზე სპორტული დირექტორის დეკუს ფავორიტი ნიკო უილიამსია, რომელიც „ბილბაოში“ თამაშობს და მისი გამოსასყიდი 50 მილიონი ევროა.
21 წლის შემტევის მიმართ ინტერესი „ჩელსის“, „ლივერპულსა“ და „ასტონ ვილას“ აქვთ. ნიკომ მიმდინარე სეზონში „ბილბაოს“ რიგებში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება 9 ნომერს, ბოლო დღეებში „ბარსელონას“ აქტიურად უკავშირებენ დარვინ ნუნესს, რომელიც კლოპის წასვლის შემდეგ, „ლივერპულის“ დატოვებას გეგმავს.
Onze-ს ცნობით, „ბარსელონაში“ ლევანდოვსკის შემცვლელს უკვე ეძებენ და 24 წლის ურუგვაელი დეკუს ფავორიტთა სიის სათავეშია.
ლევანდოვკსი მალე 36 წლის გახდება და კლუბი მის მიმართ უკვე ძველებური ნდობით ვეღარ გამოირჩევა. ჩავი არც ვიტორ როკეს ენდობა, რომელიც ყველა შეხვედრაში თადარიგში რჩება.
მიმდინარე სეზონს 35 წლის ლევანდოვსკის ჩაგდებულად უთვლიან. პოლონელმა ყველა ტურნირზე 45 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. 24 წლის დარვინმა კი „ლივერპულის“ რიგებში ასევე ყველა ტურნირზე 52 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პოლონელი ურუგვაელზე 11 წლით უფროსია, წელს ცუდი სეზონი ჰქონდა და მაინც მასზე მეტი გაიტანა. რთული სათქმელია, რამდენად იქნება ნუნესი ის ცხრა ნომერი, რომელიც „ბარსას“ იმ გოლებს მოუტანს, რომელიც გუნდს წელს ასე ძალიან აკლდა.
ბოლოს კი გეტყვით, რომ დარვინმა თავისი ინსტაგრამის გვერდიდან „ლივერპულის“ ყველა ფოტო წაშალა. როგორც ჩანს, მას გუნდის დატოვება მყარად აქვს გადაწყვეტილი.