პსჟ, ნასერ ალ ხელაიფი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

პსჟ-ს 12-წლიანი ევროპული წყევლა

„პარი სენ-ჟერმენისა“ და მისი მილიარდერი კატარელი მფლობელის ნასერ ალ-ხელაიფის ოცნება, მოიგოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, წლევანდელ სეზონშიც ოცნებად დარჩა. დედაქალაქური გუნდი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 0-2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. Qatar Sports Investments-მა პსჟ-ს აქციათა საკონტროლო პაკეტი 2011 წლის 7 ოქტომბერს შეიძინა და მას შემდეგ, ცამეტი წლის განმავლობაში კლუბმა 10-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი, 6-ჯერ ქვეყნის თასი და 6-ჯერ საფრანგეთის ლიგის თასი მოიგო, თუმცა ნანატრი ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლები ჯერაც მიუღწეველ მიზნად რჩება.

„სენ-ჟერმენს“ ტიტულის მოგების თორმეტი მცდელობა ჰქონდა და აქედან ყველაზე მეტჯერ, სამჯერ ჩემპიონობისკენ სავალი გზა მას „ბარსელონამ“ გადაუღობა. ორ-ორჯერ პარიზელებს „ბაიერნმა“, „მანჩესტერ სიტიმ“ და „რეალმა“ მოუგო, თითოჯერ კი ისინი ტურნირს „ჩელსიმ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და დორტმუნდის „ბორუსიამ“ გამოთიშა. პარიზელებთან მიღწეული სამი წარმატებიდან ორ შემთხვევაში „ბლაუგრანას“ პსჟ-ს ახლანდელი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ხელმძღვანელობდა. მის გარდა კი სხვადასხვა კლუბის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში საფრანგეთის უპირველესი გრანდი ტიტო ვილანოვამ (ბარსელონა), ჟოზე მოურინიომ (ჩელსი), მანუელ პელეგრინიმ (მანჩესტერ სიტი), ზინედინ ზიდანმა (რეალმა), ოლე გუნარ სოლსკიაერმა (მანჩესტერ იუნაიტედი), ჰანს-დიტერ ფლიკმა (ბაიერნი), პეპ გუარდიოლამ (მანჩესტერ სიტი), კარლო ანჩელოტიმ (რეალი), იულიან ნაგელსმანმა (ბაიერნი) და ედენ ტერზიჩმა (დორტმუნდი) დაჩაგრა.

ლიგის მოგებასთან ყველაზე ახლოს პარიზელები 2020 წელს იყვნენ, როდესაც უეფა იძულებული გახდა პანდემიის გამო მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ორის მაგივრად, ერთ რაუნდად ჩაეტარებინა და მინი-ტურნირის მასპინძელად პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი შეარჩია. ჯერ კიდევ პანდემიამდე გამართულ მერვედფინალის ორი მატჩის ჯამში სენ-ჟერმენმა წლევანდელი სეზონისგან განსხვავებით დორტმუნდის „ბორუსიას“ აჯობა. შემდეგ კი უკვე ჯერ ბერგამოს „ატალანტას“ მოუგო, ფინალის საგზური კი გერმანიის „ლაიპციგის“ დამარცხებით მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში პსჟ-მ მიუნხენის „ბაიერნთან“ ვერაფერი გააწყო და 0-1 დამარცხდა.

მართალია ლიგიდან გავარდნით პსჟ-მ კვადრუპლის (სეზონში ოთხი ტურნირის მოგების) შესრულების შანსი დაკარგა, თუმცა მინი-ტრიპლეტის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს - კლუბმა ლიგა 1 და ქვეყნის სუპერთასი უკვე მოიგო. თასის ფინალში კი 25 მაისს მისი მეტოქე „ლიონი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი არც ისე ცუდადაა, გუნდს ახალი პროექტი აქვს“ - კილიან მბაპე
„ყველაფერი არც ისე ცუდადაა, გუნდს ახალი პროექტი აქვს“ - კილიან მბაპე