გამარჯვება თურქეთთან - მასტერ ლიგის ნაკრებმა ევროთასი მოგებით დაიწყო
საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში მიმდინარე ევროპის თასზე პირველი შეხვედრა თურქეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.
ჩვენი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მეტოქის კართან არაერთი მომენტი შექმნა და საბოლოოდ, დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. თურქეთის კარში გოლები ნიკა ძალამიძემ (მე-5 წუთი) და გიორგი ნავალოვსკიმ (მე-19 წუთი) გაიტანეს. მეორე ნახევარში, 30-ე წუთზე გიორგი ნაფიშვილმა სხვაობა სამბურთამდე გაზარდა, თურქებმა კი პრესტიჟის გოლი შეხვედრის მიწურულს, მე-40 წუთზე გაიტანეს.
საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას 9 მაისს, თბილისის დროით 23:55 საათზე პორტუგალიასთან გამართავს.