ფეხბურთელები აღარ უსმენენ - ტენ ჰაგმა ნდობა დაკარგა
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები ერიკ ტენ ჰაგს ბოიკოტს უცხადებენ და კლუბის ხელმძღვანელებისგან მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
სააგენტოს ცნობით, ფეხბურთელთა ნაწილი ნიდერლანდელ სპეციალისტს თამაშებსა და ვარჯიშებზე აღარ უსმენს. შედეგად, ტენ ჰაგი ფეხბურთელების ნდობას კარგავს, რაც შედეგებშიც პირდაპირ აისახება. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „კრისტალ პალასთან“ 0:4 დამარცხდა, რამაც გუნდში სიტუაცია კიდევ უფრო არია.
გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელებს ჯერ კიდევ აპრილში სჯეროდათ, რომ ხელმძღვანელები ერიკ ტენ ჰაგს სეზონის დასრულებამდე გაათავისუფლებენ, ამ აზრის ჩამოყალიბება კი იმან განაპირობა, რომ ჯიმ რატკლიფმა ნიდერლანდელს მხარდაჭერა საჯაროდ არ გამოუცხადა. ამასთან, ბრიტანულ მედიაში იწერება, რომ კლუბის ერთ-ერთი თანამფლობელი, დეივ ბრაილსფორდი ყველა მოთამაშეს პერსონალურად ხვდება და მათ კლუბის კულტურის შეცვლაზე ესაუბრება.
Daily Mail-ის ცნობით, ეს პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს ფეხბურთელებისა და ერიკ ტენ ჰაგის ურთიერთობაზე.
ნიდერლანდელი სპეციალისტისთვის გადამწყვეტი სეზონის ბოლოს ნაჩვენები შედეგები იქნება. თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ რომელიმე ევროტურნირის საგზურს ვერ მოიპოვებს, კლუბის ხელმძღვანელები ერიკ ტენ ჰაგს თანამდებობას დაატოვებინებენ.
ამ დროისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ნიუკასლს“ 2 ქულით ჩამორჩება. გათამაშების დასრულებამდე 2 ტური არის დარჩენილი, „წითელ ეშმაკები“ კი დასკვნით ორ შეხვედრაში ჯერ „არსენალს“, შემდეგ კი „ბრაიტონს“ დაუპირისპირდებიან.