პსჟ-ის და რეალის ინტერესი რეალურია - Corriere ხვიჩას მომავალზე წერს
ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ დიდი შანსია ქართველი შემტევი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-ის შემადგენლობაში ვიხილოთ.
რა წერია Corriere-ს სტატიაში:
„ქართველი შემტევი რამდენიმე კვირაა პარიზელების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლუის ენრიკე კილიან მბაპეს დაკარგავს და ამიტომ, ესპანელ სპეციალისტს შეტევაში შესაბამისი ხარისხის ფეხბურთელი სჭირდება. თუმცა, პსჟ ერთადერთი გუნდი არაა, რომელიც კვარაცხელიას აკვირდება. ქართველით დაინტერესებული მსოფლიო ფეხბურთის გიგანტი, კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალიც“ არის.
„ნაპოლი“ ქართველთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ელოდება, თუმცა, ხელშეკრულების დეტალები ხვიჩას მხარისთვის მიუღებელია და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომის სურვილი არ აქვთ. ამის მიუხედავად, დე ლაურენტისი დარწმუნებულია, რომ თუ შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს, მას მაინც სოლიდურ თანხად, 120 ან 130 მილიონ ევროდ გაყიდის.
დღესდღეობით, პსჟ ერთადერთი გუნდია, რომელსაც იმ რესურსის გაღება შეუძლია, რაც დე ლაურენტისს დააკმაყოფილებს. არსებობს „რეალის“ ინტერესიც. კარლო ანჩელოტის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ქართველი შემტევი მოსწონს, მაგრამ „სამეფო კლუბში“ ტრანსფერი ნაკლებად არის მოსალოდნელი“.
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კილიან მბაპე პსჟ-ს დატოვებს და მადრიდის „რეალს“ შეუერთდება. ევროპულ მედიაში აქტიურად წერენ, რომ პარიზული კლუბი მბაპეს შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს და ნასერ ალ-ხელაიფი მზადაა, რომ ქართველის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.