„ომალი სახიფათოა, მაგრამ მისთვის რთული მეტოქე ვარ“ | მერაბმა ჩემპიონზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილი ინდოეთში იმყოფება და ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა, რომელიც უდიდესი ალბათობით, მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი იქნება და განაცხადა, რომ „შუგასთან“ დაპირისპირება მისთვის უდიდესი მოვლენაა.
„ომალისთან ჩხუბი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. მას 2018 წლის შემდეგ ვიწვევ და როგორც იქნა, მის წინააღმდეგ ოქტაგონზე გავალ. ცხოვრებაში და კარიერაში საუკეთესო პერიოდი მიდგას და მიხარია, რომ ომალისთან სწორედ ახლა ვიჩხუბებ.
შუგას ვარსკვლავური სტატუსი აქვს და მასთან ბრძოლა ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩემი ქვეყნისთვისა და ჩემი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება. უამრავი მიზეზი მაქვს, რის გამოც შემიძლია, ამ ბრძოლით აღფრთოვანებული ვიყო. ომალი კარგი მებრძოლია. ოქტაგონზე მშვენივრად გადაადგილდება და სახიფათოა, მაგრამ აღარ გაუმართლებს. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჩხუბის სტილზე ბევრი რამაა დამოკიდებული და მჯერა, სტილისტურად, მისთვის ძალიან რთული მეტოქე ვარ“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართა და ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „მანქანას“ 2018 წლის შემდეგ არ წაუგია და ზედიზედ 10 გამარჯვება აქვს.