დორტმუნდი, პსჟ, ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

სეზონის სენსაცია - დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ფინალში „დორტმუნდი’’ ითამაშებს. ნახევარფინალში ედინ ტერზიჩის გუნდმა პსჟ-ს ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით მოუგო (1:0, 0:1).

პირველ შეხვედრაში გერმანიაში გამარჯვების გოლი ნიკლას ფულკრუგმა გაიტანა, დღეს კი დორტმუნდელთა ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა (50-ე წუთზე). ჰუმელსი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მატს ჰუმელსი (35 წლისა და 143 დღის ასაკში) ყველაზე ასაკოვანი გერმანელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გოლი გაუტანია. ასევე, ის მესამე ადგილზეა იმ ასაკოვან ფეხბურთელთა შორის, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში თავი გოლით გამოუჩენიათ, პირველზე რაიან გიგზია (37 წლისა და 148 დღის), მეორეზე - ედინ ჯეკო (37 წლისა და 54 დღის).

გაშვებული გოლის შემდეგ პსჟ ბევრს უტევდა, განსაკუთრებით მატჩის მიწურულს, თუმცა რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. ასევე აღსანიშნავია ეპიზოდი, როცა მსაჯმა კილიან მბაპეს წაქცევის გამო პენალტი არ დანიშნა, საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

„დორტმუნდი’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ ითამაშებს, 1996-97 წლების სეზონის ფინალში ოტმარ ჰიცფელდის გაწვრთნილმა „დორტმუნდმა’’ „იუვენტუსი’’ 3:1 დაამარცხა. 2012-13 წლების სეზონის ფინალური დაპირისპირება იურგენ კლოპის „დორტმუნდმა’’ მიუნხენის „ბაიერნთან’’ 1:2 დათმო.

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „დორტმუნდის'' მეტოქე „რეალსა'' და „ბაიერნს'' შორის გამარჯვებული იქნება. ფინალი „უემბლიზე'' პირველ ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები