ანჩელოტი: “ბაიერნთან ლუნინი ითამაშებს“
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. მატჩის წინ სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ანჩელოტი:
„რა სჭირდება გუნდს დიდი ხნის ნანატრ ფინალში გასასვლელად? შეტევით და დაცვით ფაზაში რიტმული და ინტენსიური თამაში. პირველ მატჩში, დაცვის კუთხით გაცილებით უკეთესად შეგვეძლო თამაში. ფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს ვართ. ეს დიდი მოტივაციაა. თამაშის წინ იქნება შფოთვა და შიში, მაგრამ დღეს სიამოვნებას ვიღებთ. ხვალინდელზე ხვალ ვინერვიულებთ.
რეალი და ბაიერნი მსგავსი კლუბები არიან, დიდი ტრადიციით და ისტორიით. მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, რადგან პირველ შეხვედრაში ჩვენზე უკეთესად ითამაშეს. ბაიერნი შეტევაში ძალიან სწრაფად გადადის, მათ კარგად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ.
ხვალ ლუნინი ითამაშებს. კურტუას დრო სჭირდება, რომ საუკეთესო ფორმაში ჩადგეს. მან კადისის წინააღმდეგ ითამაშა, რადგან კარგად ვარჯიშობდა. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. 2014 წლის შემადგენლობიდან არაერთი ფეხბურთელია შემორჩენილი. ისინი დღეს გუნდის ბირთვს წარმოადგენენ.“
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „რეალის“ პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. მადრიდელთა მხრიდან გოლები ვინისიუს ჯუნიორმა(2) გაიტანა, ხოლო „რეკორდმაისტერის“ მხრიდან ლეროი სანემ და ჰარი კეინმა. ამ გუნდების მომავალი მატჩი 8 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.