„როცა ნაპოლიში მოვედი, გუნდი მენტალურად განადგურებული იყო“ | ფრანჩესკო კალცონა
იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „უდინეზეს“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა და მის გარეშე დარჩენილი „პარტენოპეი“ ქულას დასჯერდა - 1:1. მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა თავკაცმა, ფრანჩესკო კალცონამ საკუთარი ბიჭების გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ როცა „ნაპოლიში“ დაინიშნა, გუნდი მენტალურად განადგურებული იყო.
„აშკარაა, რომ როცა თამაში ხისტ და ბინძურ ხასიათს იძენს, პრობლემები გვექმნება. ჩემი მწვრთნელობის პერიოდში უკვე მესამე მატჩია, რომელშიც გამარჯვებას ხელიდან ბოლო წამებზე ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, რაც ბევრ რამეს გაამარტივებდა, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. ვერ ვიფიქრებდი, რომ უდინეზე სატურნირო ცხრილში ასეთ დაბალ პოზიციაზე იქნებოდა და სერია A-ში დასარჩენად იბრძოლებდა, მაგრამ ზოგჯერ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მჯერა, მათ აქვთ პოტენციალი, გასავარდნ ზონას თავი დააღწიონ.
მიმდინარე სეზონში ნაპოლის უამრავი პრობლემა აქვს და თვე, რომლის დროსაც მატჩებს ყოველ სამ დღეში ერთხელ ვატარებდით, ნამდვილად არ დაგვხმარებია. გრძელი გზა გამოვიარეთ. გუნდმა ბევრ რამეში მოუმატა, მაგრამ იყო რაღაცები, რაც გაუარესდა. ყველაფრის ფასად შედეგის დაფიქსირების მცდელობებს კარგი არასდროს არაფერი მოაქვს და მოდით, მომდევნო სეზონზე ვიფიქროთ.
ნორმალურია, რომ ნაპოლისნაირ გუნდში მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და დირექტორების გაშვებაზე საუბრობენ, მაგრამ როცა აქ იმყოფები, იძულებული ხარ, შედეგზე იყო ორიენტირებული, რაც შეზღუდვებს გიწესებს და თავისუფლად აზროვნების საშუალებას არ გაძლევს. ნაპოლის რთული სეზონი აქვს და როცა მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, გუნდი მენტალურად განადგურებული იყო. კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ ეს თავის გასამართლებელი მიზეზი არაა.
რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, სეზონის დაწყებამდე მოვსულიყავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. თასის შეხვედრების დროს დამნიშნეს, რასაც სანაკრებო პაუზა დაერთო და ეს მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. იმედგამაცრუებელი და წარუმატებელი სეზონი გვაქვს და ახლა ჩვენი ამოცანაა დარჩენილი შეხვედრები მაღალ დონეზე ჩავატაროთ, რათა გულშემატკივრებს მცირე სიხარული მაინც მივანიჭოთ“.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის გოლით 1:0-ს იგებდა, მაგრამ აიზეკ სექსესმა წონასწორობა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე აღადგინა. „ნაპოლის“ 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს.