უდინეზე, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ფრე უდინეზესთან - ხვიჩას გარეშე ნაპოლიმ აუთსაიდერს ვერ მოუგო

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია „პარტენოპეის“ დღევანდელ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა. ქართველმა შემტევმა პარასკევს მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც „უდინეზესთან“ მატჩის იძულებით გამოტოვება მოუწია.

ანგარიში 51-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, რომელმაც მატეო პოლიტანოს გადაცემა გამოიყენა. ფრანჩესკო კალცონას გუნდმა მოგების შანსი ხელიდან შეხვედრის მიწურულს გაუშვა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე „უდინეზემ“ წონასწორობის აღდგენა შეძლო, ალექს მერეტის კარში კი გოლი საქსესმა გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

„პარტენოპეი“ გამარჯვებას ზედიზედ მეოთხე მატჩია ვერ ახერხებს. ამ ფრის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-8 პოზიციაზე აღზევდა და „ფიორენტინას“ 1 ქულით გაუსწრო, თუმცა, ფლორენციელებს 35-ე ტურის მატჩი (13 მაისი, „მონცას“ წინააღმდეგ) გასამართი აქვთ და ფრის შემთხვევაშიც, ნეაპოლელებს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო გადაასწრებენ.

ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მაისს, საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს და ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებას სწორედ ამ მატჩში ელიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები