„NBA-ის დატოვებას ვფიქრობდი, მაგრამ ბიჭებმა გადამარწმუნეს“ - ბითაძემ სეზონი შეაჯამა
NBA-ის პლეი-ოფის სერიაში, „კლივლენდ კავალიერსთან“ 3:4 მარცხის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქის“ ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ ამერიკელ ჟურნალისტებთან განვლილი სეზონი შეაფასა და საქართველოს ნაკრებთან ერთად, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართი შეხვედრების შესახებაც ისაუბრა.
გოგა ბითაძე:
სეზონის განმავლობაში ორლანდოს დაცვის კარგი თამაში: სეზონის დასაწყისში ვიცოდით, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდში ყველას კარგად შეუძლია დაცვაში თამაში, ამის თითოეულ კალათბურთელს გვჯეროდა. სეზონის განმავლობაში ეს ნამდვილად დაგვეხმარა, რადგან როდესაც მოგზაურობ და მუდმივად გზაში ხარ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ის ასპექტი, რაც თამაშებს გაგებინებს. დაცვაში კარგი თამაში ნამდვილად დაგვეხმარა რამდენიმე თამაშის მოგებაში. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვინდოდა და რაც ვიცოდით, რომ შეგვეძლო. სეზონის დასაწყისში და შემდეგ უკვე მიმდინარეობისას, ამას დიდ ყურადღებას ვაქცევდით და ეს ნამდვილად დაგვეხმარა.
ვაპირებ, თუ არა ორლანდოში დარჩენას? ორლანდოს დატოვებაზე არც კი ვფიქრობ, 100%-ით მომწონს ეს გუნდი, ყველას ვესაუბრე და ამ ბიჭებმა დამარწმუნეს აქ დარჩენაში. ისიც არ ვიცოდი, ლიგაში დავრჩებოდი თუ არა, ევროპაში დაბრუნებაზე ვფიქრობდი, ამ ბიჭებმა კი აქ ისე მიმიღეს, რომ წასვლა გადავიფიქრე. ამერიკაში ყოფნის პერიოდში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. თუ შემდეგ სეზონშიც აქ ვიქნები, ამით ძალიან ბედნიერი დავრჩები.
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი: საქართველოს ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი გველის. ამ თამაშებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. ამისთვის მთელი ზაფხული წინ გვაქვს. ჯგუფი უნდა მოვიგოთ, რომ ოლიმპიადაზე მოვხვდეთ და იმედი მაქვს, ამას მოვახერხებთ.
დამეხმარება, თუ არა პლეი-ოფი საკვალიფიკაციო თამაშებში? მართალია, ბევრი სათამაშო დრო არ მქონია, მაგრამ ბიჭების გვერდში ყოფნა მნიშვნელოვანი იყო. პლეი-ოფები რაღაც მხრივ, ევროპულ კალათბურთსაც ჰგავს. დაძაბულობით, დინამიკით, დაცვაში თამაშით... შემიძლია გითხრათ, რომ შესანიშნავი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ევროლიგაზე უკვე მითამაშია და იქ თითქმის ყველა თამაში ასეთი დონისაა. აქ ძირითადად უფრო თანმიმდევრული უნდა იყო. კარგად შეგიძლია მართო ფორმა სეზონის დასაწყისიდან, ბოლომდე. იცი, როგორ უნდა მართო ფორმა, რომ ჯერ რეგულარულ სეზონში 82 თამაში ჩაატარო და შემდეგ პლეი-ოფში გააკეთო ნახტომი. ამან მასწავლა, რომ უფრო მეტი უნდა ვიშრომო. ახალი სეზონის დაწყებამდე ვიცი, რაზეც უნდა ვიმუშაო და იმედი მაქვს, დაბრუნების შემდეგ უფრო ხშირად მომიწევს თამაში.
გოგა ბითაძემ 2023/24 წლების სეზონში „ორლანდო მეჯიქის“ შემადგენლობაში 62 შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე საშუალოდ 15.4 წუთი გაატარა, 5.0 ქულა ჩააგდო, 4.6 მოხსნა დააგროვა და 1.3 ასისტი შეასრულა. ასევე, მის ანგარიშზე 1.2 ბლოკი, 0.5 ჩაჭრა, 1.7 ჯარიმა და 0.7 დაკარგვა იყო.