„ჩემი მომავალი? ახლა მთავარი ჩემპიონობაა“ - კიტეიშვილი ავსტრიულ მედიას ესაუბრა
გრაცის შტურმის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა „ჰარტბერგთან“ მატჩის შემდეგ ავსტრიულ პრესას თავის მომავალზე ესაუბრა, თუმცა, კითხვას - დარჩება, თუ არა მომავალ სეზონში „შტურმში“, არ უპასუხა.
რა უთხრა „კიტემ“ მედიას:
„შტურმში“ ჩემპიონატის მოგება მინდა, ახლა ეს არის ყველაზე მთავარი, რადგან გრაცში ყოფნის პერიოდში ეს ვერ შევძელი. ეს არის ჩვენი ოცნება, რომელთანაც ძალიან ახლოს ვართ და ორიოდე კვირა გვაშორებს“.
ავსტრიული მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის დარჩენის საკითხიც სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, რადგან თუ „შტურმი“ ჩემპიონი გახდება, მომავალ სეზონში გრაცელები ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ. მედიაში ვარაუდობენ, რომ ჩემპიონთა ლიგამ, შესაძლოა კიტეიშვილის არჩევანი გადაწონოს და მომავალ სეზონში კვლავ „შტურმის“ შემადგენლობაში ითამაშოს.
ქართველმა ნახევარმცველმა გუშინ, „ჰარტბერგის“ წინააღმდეგ გამოიჩინა თავი. 58-ე წუთზე, როდესაც 10-კაციანი „შტურმი“ 0:1 მარცხდებოდა, კიტეიშვილმა გამათანაბრებელი გოლის გატანა შეძლო, რითაც თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა და ავსტრიის ბუნდესლიგაში ლიდერობაც შეუნარჩუნა.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-7 გოლი გაიტანა. ამასთან, ქართველმა ნახევარმცველმა 5 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.
30 ტურის შემდეგ, გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის სატურნირო ცხრილში 40 ქულით კვლავ პირველ პოზიციაზე არის და მეორეადგილოსან „ზალცბურგს“ 4 ქულით უსწრებს. საგულისხმოა, რომ გუშინ „ზალცბურგი“ „რაპიდთან“ 0:2 დამარცხდა და ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსები საგრძნობლად გაირთულა. „შტურმი“ მომდევნო შეხვედრას 12 მაისს, სტუმრად ლასკ-ის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, ბუნდესლიგის ჩემპიონობას გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდებს.