ლუის ენრიკე
Aa
Aa

„მთავარია ფეხბურთელები მენდონ“ - ენრიკე მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ენრიკემ:

ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა და ამისთვის იმ დიდ გუნდზე უკეთესი უნდა ვიყოთ, როგორიც დორტმუნდია. გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს და შეხვედრამდე სწორედ ამაზე ვიმუშავეთ. სამი გოლის გატანა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამ დროში ორი გოლის გაშვებაც შეიძლება.

On va a gagner. ეს ერთადერთი ფრაზაა, რომელიც ფრანგულად ვიცი: ჩვენ გამარჯვებას ვაპირებთ. გუნდის წინამძღოლი მწვრთნელია, რომელმაც ფეხბურთელების ნდობა უნდა მოიპოვოს. ამისთვის ყოველდღიურად ვმუშაობ. გვინდა, მინიმუმ ისე ვითამაშოთ, როგორც პირველ მატჩში და მენტალიტეტი არ უნდა შევცვალოთ.

გულშემატკივრების როლი ხვალ გადამწყვეტი იქნება და ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მაქსიმუმს გაიღებენ. დორტმუნდში წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო და ხვალაც იმავეს ველით. იმედი მაქვს, რომ გამარჯვებას შეხვედრის ბოლოს ყველა ერთად ვიზეიმებთ.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდში გამართული პირველი მატჩი „ბორუსიას“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა კი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები