მიქაუტაძის წითელი ბარათის გაუქმებას მოითხოვენ | მეცი ბოლომდე იბრძოლებს
საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში, „მეცი“ „რენთან“ 2:3 დამარცხდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე, გიორგი მიქაუტაძემ წითელი ბარათი მიიღო, რამაც ქართველი თავდამსხმელის გუნდის ხელმძღვანელთა განრისხება გამოიწვია.
„მეცის“ თავკაცმა, ლასლო ბოლონიმ განაცხადა, რომ მსგავსი რამ სამოყვარულო ლიგაშიც არ ხდება, კლუბის დირექტორმა, პიერ დრეოსიმ კი მთავარი მსაჯის, რუდი ბუკეს გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, „მეცი“ ბოლომდე იბრძოლებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა მიქაუტაძის წითელი ბარათი გაუქმდეს.
Metz prépare sa défense pour annuler la suspension de Mikautadze
— L'ÉQUIPE (@lequipe) May 5, 2024
La direction du club lorrain compte se rendre mardi devant la commission de discipline de la Ligue pour faire annuler la suspension de Georges Mikautadze. https://t.co/dRreWA5jnw pic.twitter.com/NIFJALLhUX
L’Equipe-ის ცნობით, „მეცის“ ხელმძღვანელები LFP-ის (ფრანგული ფეხბურთის მმართველი ორგანო) სადისციპლინო კომიტეტს მიმართავენ და გიორგის გაძევებას გაასაჩივრებენ. კომიტეტის შეხვედრა სამშაბათს გაიმართება და „მეცის“ წარმომადგენლები თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ, თუმცა, როგორც L’Equipe-ი აღნიშნავს, სადისციპლინო კომიტეტს მსაჯთა გადაწყვეტილებების შეცვლა არ სჩვევია და მოსალოდნელია, რომ გიორგი მომდევნო ტურს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 თამაშია დარჩენილი. „მეცს“ მომდევნო შეხვედრა სტუმრად, „სტრასბურგთან“ ელის, ბოლო ტურში კი საკუთარ კედლებში „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. მიქაუტაძის გუნდი მე-16 ადგილზე იმყოფება და „ლე ავრს“ 3 ქულით ჩამორჩება. თუ სატურნირო ცხრილში არაფერი შეიცვალა, „მეცს“ პლეიაუტში მოუწევს თამაში.