გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის მძიმე ტრავმა - ქართველი ცენტრი კლინიკაში გადაიყვანეს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 32-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ბრეოგანს“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 76:54 დამარცხდა.

გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, პირველი პერიოდის მიმდინარეობისას მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაში ნაადრევად შეწყვიტა.

პირველი მეოთხედის დასრულებამდე 02:26 წუთით ადრე, გიორგი შერმადინის წინააღმდეგ ჯასტინ რობინსონმა უხეშად ითამაშა. შერმადინი პარკეტზე ძლიერად დაეცა და მაშინვე ზურგი აიტკია. ესპანური მედიის ინფორმაციით, შერმადინმა მძიმე ტრავმა მიიღო და მაშინვე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც დეტალური სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. „ტენერიფე“ ქართველი ცენტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას გამოკვლევების დასრულების შემდეგ გაავრცელებს.

ტრავმამდე შერმადინმა 4 ქულის ჩაგდება მოასწრო და ერთხელ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი.

როგორც მედიაში იწერება, დიდი ალბათობით, ქართველი ცენტრისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. ბუნებრივია, შერმადინის მდგომარეობა ქართველი გულშემატკივრებისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ივლისის დასაწყისში საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის. იმედი ვიქონიოთ, რომ შერმადინი ამ თამაშებამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები