ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეს ლამაზი გოლი - ქართველმა 10-კაციანი შტურმი წაგებისგან იხსნა

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 30-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ჰარტბერგს“ შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

გრაცელები შეხვედრის დასაწყისში უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მე-9 წუთზე, მთავარმა მსაჯმა მეტოქეზე უხეშობის გამო მოედნიდან გორენ სტანკოვიჩი გააძევა და წითლიდან რამდენიმე წუთში სტუმრებმა ენტრუპის გოლით დაწინაურება შეძლეს.

10 კაცით დარჩენილი „შტურმი“ ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა, მასპინძლებს მხსნელად ოთარ კიტეიშვილი მოევლინათ. 58-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა მოედნის ცენტრიდან თავისივე დაწყებული შეტევა გოლად აქცია, ანგარიში გაათანაბრა და საკუთარი გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში დატოვა.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-7 გოლი გაიტანა. ამასთან, ქართველმა ნახევარმცველმა 5 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.

30 ტურის შემდეგ, გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის სატურნირო ცხრილში 40 ქულით კვლავ პირველ პოზიციაზე არის და მეორეადგილოსან „ზალცბურგს“, რომელსაც ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, 4 ქულით უსწრებს. ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტური არის დარჩენილი. „შტურმი“ მომდევნო შეხვედრას 12 მაისს, სტუმრად ლასკ-ის წინააღმდეგ გამართავს, გათამაშების ბოლო ტურში კი 19 მაისს, საკუთარ მოედანზე „კლაგენფიურტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუნდესლიგა 2-ში ქართული რეკორდი მოხსნა - ბუდუს ბრწყინვალე გოლი
ბუნდესლიგა 2-ში ქართული რეკორდი მოხსნა - ბუდუს ბრწყინვალე გოლი