გოლი, საგოლე პასი და უსამართლო გაძევება - მიქაუტაძის მეცის დასანანი მარცხი
საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში „მეცი’’ შინ „რენისთან'' 2:3 დამარცხდა.
ანგარიში მე-17 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში მე-12 გოლი გაიტანა. მიქაუტაძემ ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში შეაგდო. ბოლო ხუთ მატჩში მის აქტივში 7 გოლია, 5-დან ორ მატჩში დუბლი შეასრულა.
ამ გოლით ლიგა 1-ში ქართული რეკორდი გაიმეორა, გია გურულს გაუთანაბრდა, რომელმაც 1992-94 წლებში „ლე ავრის’’ რიგებში ლიგა 1-ში ასევე 12 გოლი შეაგდო.
23-ე წუთზე გურის გოლით „რენიმ’’ ანგარიში გაათანაბრა. 45-ე წუთზე მიქაუტაძის საგოლე პასით დიალომ გაიტანა და „მეცი’’ ამ თამაშში მეორედ დაწინაურდა.
მეორე ტაიმში „რენიმ’’ თამაში შემოატრიალა და სამი ქულა მოიპოვა - 2:3.
მე-4 დამატებულ წუთზე არბიტრმა გიორგი მიქაუტაძე მოედნიდან გააძევა. მსაჯის გადაწყვეტილება უცნაური და მოულოდნელი იყო, განმეორებით ჩვენებაზე გამოჩნდა, რომ მეტოქესთან მინიმალური კონტაქტი იყო და ასეთ კონტაქტზე პენალტს არ ნიშნავენ. ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა, თუმცა მსაჯმა როდი ბუქეტმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ამ მომენტისთვის „მეცი’’ 18-გუნდიან ლიგა 1-ში 29 ქულით მე-16 ადგილზეა და მე-15 პოზიციაზე მყოფ „ლე ავრს’’ 3 ქულით ჩამორჩება. თუ „მეცი’’ ამ პოზიციაზე დარჩება, გადათამაშების გზით ლიგა 1-ში დარჩენის შანსს მიიღებს, ხოლო თუ მე-17 ან მე-18 ადგილზე გავა, შემდეგ სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს. შემდეგ ტურში „მეცი’’ „სტრასბურგს’’ ესტუმრება, რომელმაც ლიგა 1-ში დარჩენა გაინაღდა.