ბარსელონამ ჟირონასთან წააგო - რეალი ლა ლიგის ჩემპიონია
ლა ლიგის მორიგ ტურში „რეალმა“ „კადისს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, თავისი შეხვედრა „ბარსელონამ“ გამართა.
კატალონიური კლუბი „ჟირონას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:4 დამარცხდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩავი ერნანდესის გუნდი „ბლანკოსს“ ვეღარ დაეწევა და „რეალი“ ლა ლიგის 2023/2024 წლების ჩემპიონია.
ამ მომენტისთვის, მადრიდის „რეალს“ 87 ქულა დაუგროვდა. მეორე ადგილზე „ჟირონამ“ გადაინაცვლა 74 ქულით, ხოლო ბარსას 73 დარჩა. ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტური დარჩა და ვერცერთი გუნდი „სამეფო კლუბს“ ვეღარ დაეწევა.
მიმდინარე სეზონში, ჯერჯერობით ანჩელოტის შეგირდებმა 34 მატჩი გამართეს, საიდანაც 27 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ „სამეფო კლუბთან“ ერთად ბოლო 3 სეზონში მეორედ იზეიმა ლა ლიგის ტიტული.
ასევე გეტყვით, „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც აქვს. მადრიდელები ნახევარფინალურ განმეორებით მატჩში „ბაიერნს“ უმასპინძლებენ. პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.