გურამ თუშიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ტატო გრიგალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
Aa
Aa

46 მედალი ბოლო 10 წელიწადში - ქართველი ძიუდოისტების ევროპული მონაგარი

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რის შემდეგაც საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ჩემპიონები 66 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ, ვიცე-ჩემპიონის ტიტული 100 და +100 კგ წონებში ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს კი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ლაშა ბექაური (90 კგ) დაეუფლნენ.

ბუნებრივია გულშემატკივრისთვის საინტერესოა ევროპის ჩემპიონატებზე ქართველი ძიუდოისტების ბოლო ათწლეულის მაჩვენებლები და გეტყვით, რომ 2014 წლიდან 2024 წლის ჩათვლით გამართულ კონტინენტის პირველობებზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოსული სპორტსმენების ანგარიშზე ჯამში 46 მედალია, აქედან 15 ოქროს, 14 ვერცხლის და 17 ბრინჯაოსი. ხარისხობრივად საუკეთესო შედეგი 24 წლის ტატო გრიგალაშვილს აქვს, რომელიც ჩემპიონი სამჯერ გახდა. რაოდენობრივად კი ყველაზე მეტი, შვიდი (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) მედალი კონტინენტის პირველობაზე ქართველი სპორტსმენებიდან ბოლო ათი წლის განმავლობაში გურამ თუშიშვილს (+100 კგ) აქვს მოპოვებული. მის მსგავსად ევროპის პირველობა 2-ჯერ გასულ დეკადაში ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) მოიგეს, თითოჯერ კი ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატის ორ ფინალში 2014-დან 2024 წლამდე ერთბაშად ხუთი ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილია (+100 კგ) დამარცხებული. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის კონტინენტის პირველობას საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს!
საქართველო ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს!