ბორის ბეკერი
Aa
Aa

ბეკერს ბანკროტის სტატუსი მოუხსნეს

ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელის, ბორის ბეკერის საქმეზე განხილვა დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა, მისი საჩივარი დააკმაყოფილა და ბანკროტის სტატუსი მოუხსნა. მართალია, ჯერჯერობით კრედიტორების დავალიანება სრულად არ გაუსტუმრებია, თუმცა საბოლოო ვერდიქტში წერია, რომ ყოფილი ჩოგბურთელი საამისოდ ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს და არსებობს საფუძველი იმისა, რომ დავალიანების გასანულებლად მომავალშიც იზრუნებს.

საბოლოო გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ ბუნებრივია ბეკერი კმაყოფილებას ვერ მალავდა და აღნიშნა, რომ მას ამ ეტაპზე გასაყიდი უბრალოდ აღარაფერი დარჩა და დარჩენილ ვალებს ნაწილ-ნაწილ გაისტუმრებს. გერმანელის განცხადებით, ასეთ მდგომარეობაში მის გარემოცვაში მყოფმა ადამიანებმა და ფინანსურმა მრჩევლებმა ჩააგდეს, რომელთაც ის თვალდახუჭული ენდობოდა.

ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად უკანასკნელ წლებში მან აუქციონზე კარიერის განმავლობაში მოგებული 81 თასი და სხვადასხვა პრიზები გაიტანა, რადგან ბეკერს 60 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი ჰქონდა გასასტუმრებელი. 2022 წელს დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მას 2,5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და 3 მილიონი დოლარის აქტივები გაუყინა, თუმცა მომდევნო მოსმენის შემდეგ სასჯელი შეუმსუბუქეს და რვა თვეში საპატიმრო დატოვა.

ბორის ბეკერმა საჩოგბურთო კარიერის მანძილზე 3-ჯერ უიმბლდონი (1985, 1986, 1989), 2-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა (1991, 1996) და ერთხელ ამერიკის ღია პირველობა (1989) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეკერი:
ბეკერი: "ჯოკოვიჩს ტოპ 100-ეულში ყველაზე ცუდი სმეში აქვს"