კუნძულელების შეუჩერებელი დუეტი - უერტასი-შერმადინის მაგია
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბოლო პერიოდში „ლენოვო ტენერიფეს“ შესახებ ბევრი იწერება და ეს ბუნებრივიცაა, რადგან კანარის კუნძულების გუნდი 20 მოგებითა და 11 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ასეთი შედეგისთვის კი რეგულარულ სეზონში ისტორიის მანძილზე არასოდეს მიუღწევია. როგორც ექსპერტები, ასევე ჟურნალისტები წარმატებას უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის ჩუს ვიდორეტას ტაქტიკურ განსწავლულობას მიაწერენ, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც მარსელინიო უერტასისა და გიორგი შერმადინის დუეტზე კეთდება.
რას წერენ უერტასი-შერმადინის წყვილზე
ერთი ორმოცი წლისაა, მეორე კი ოცდათხუთმეტის, თუმცა მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი წლიდან წლამდე არათუ არ მცირდება, არამედ მატულობს. ორივეს ემატება გამოცდილება და მათი საოცარი შეთამაშებული ასპარეზობა „ლენოვო ტენერიფეს“ წარმატების მთავარი საიდუმლოა. ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი შერმადინი უკვე ორჯერ გახდა და ამ პრიზისთვის წელსაც იბრძვის, რადგან სეზონის მანძილზე საშუალოდ 13 ქულასა და 6 მოხსნას აგროვებდა, რითაც მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი თვრამეტს გაუტოლდა. გიორგი არ აქვს საოცარი ნახტომი, შორიდან სროლის უნარი და ეფექტური ჩატენვები, მაგრამ სამაგიეროდ, კარგად კითხულობს თამაშს, თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს და საოცრად სტაბილურია, რითაც ახერხებს და უკვე მეცხრე წელია ევროპის საუკეთესო ლიგის გამორჩეულ მოთამაშედ ითვლება.
გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ესპანეთის ჩემპიონატში კი რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, პლეი ოფში თამაში „ლენოვო ტენერიფეს“ უკვე განაღდებული აქვს. საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, 35 წლის ქართველი საქართველოს ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას, რომელიც ივლისის დასაწყისში ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.