„ევროპის საუკეთესო მეკარეების დონეზეა“ | ალავესის გოლკიპერი მამარდაშვილზე
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგის მომდევნო ტურში „ალავესს“ დაუპირისპირდება. „ლურჯ-თეთრებთან“ ჩანიშნულ შეხვედრამდე, ვალენსიური გამოცემა, Sports Tribune-ი „ალავესის“ მეკარეს, ანტონიო სივერას გაესაუბრა და „მამარდაზე“ ჰკითხა.
„გიორგი მამარდაშვილი ევროპის საუკეთესო მეკარეების დონეზე იმყოფება. ამას არავის ელოდა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მესტალიას ბინადრების კარს იცავს. ვალენსიას სწორედ ასეთი დონის მეკარე უნდა ჰყავდეს“.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 33 შეხვედრაში აქვს მიღებული და 35 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 12-ჯერ შეინახა. გიორგიმ ბოლოს „ბარსელონასთან“ ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც, „ალავესთან“ დაპირისპირებას გამოტოვებს.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და „ვალენსია“ ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის. „ღამურებს“ 47 ქულა აქვთ და მე-7 ადგილზე მყოფ „ბეტისს“ 2 ქულით, ხოლო მე-6 ადგილზე მყოფ „სოსიედადს“ 4 ქულით ჩამორჩებიან.