20-წლამდე მორაგბეების ტესტი ფრანგებთან
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადების ფარგლებში ხვალ საფრანგეთის ასაკობრივ გუნდთან ტესტ-მატჩს გამართავს. იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრა ამხანაგურია და ქართველების მთავარ მწვრთნელ ლადო კილასონიას რაც შეიძლება მეტი მოთამაშის გამოცდა სურს, მეტოქესთან შეთანხმებით, განაცხადში ფრანგებზე ცამეტით მეტი, 37 მორაგბე ჰყავს შეყვანილი.
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს 20-წლამდელთა თასის ბოლო სამი გათამაშების ჩემპიონია და ქართველ მორაგბეებთან არაერთი ტესტ-მატჩი გაუმართავს, თუმცა თბილისში პირველად არის ჩამოსული. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, განაცხადში მყოფი 37 მორაგბიდან 8 ლეგიონერია, დანარჩენები კი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიან.
მსოფლიოს თასის წლევანდელი გათამაშება 29 ივნისიდან 19 ივლისამდე სამხრეთ აფრიკაში ჩატარდება და ქართველი მორაგბეები B ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ. მსოფლიოს თასების ისტორიაში საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი შარშან აჩვენა, როდესაც მერვე ადგილზე გავიდა.
საქართველოსა და საფრანგეთის 20-წლამდე ნაკრები გუნდების შეხვედრა ხვალ ავჭალის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება. კიდევ ორ ტესტ-მატჩს კი ქართველები თბილისში 7 და 12 ივნისს მსოფლიო რაგბის კიდევ ერთი გრანდის, ინგლისის 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.