რონალდუსთან შედარებას ვერ გავბედავდი - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
„მეცის’’ რუმინელმა მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ „რენისთან’’ მატჩის წინ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. ბოლონის თქმით, „აიაქსიდან’’ დაბრუნების შემდეგ წარმატების გემო დავიწყებული ჰქონდა და ფორმის აღსადგენად ვარჯიში სჭირდებოდა.
ბოლონი: „მიქაუტაძე საუკეთესოთა შორისაა, მაგრამ ვერ გავბედავდი კუარეჟმასთან, უგო ვიანასთან, რონალდუსთან ან ფრეისთან შედარებას. ეს შეცდომა იქნებოდა. ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია და მის გარეშე ჩვენი გუნდის წარმოდგენა რთულია.
ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის კარგია, მაგრამ ჩვენთვის და ლიგა 1-სთვის საინტერესო მოთამაშედ რჩება. ყოველ მატჩს მაღალ დონეზე არ ატარებს, მაგრამ საერთო ჯამში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა როცა „აიაქსიდან’’ დაბრუნების შემდეგ ჩვენთან პირველად ივარჯიშა ცოტა შევშინდით. ზეციდან არ ჩამოვარდნილა, „აიაქსში’’ გატარებული 6 თვის შემდეგ ვარჯიში სჭირდებოდა, წარმატების გემო დავიწყებული ჰქონდა’’.
შეგახსენებთ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ამსტერდამის „აიაქსმა'' ქართველი ფორვარდი 16 მილიონ ევროდ შეიძინა (ბონუსებით 19 მილიონი), თუმცა ნიდერლანდურ კლუბში ნახევარ სეზონში მხოლოდ 339 წუთი ითამაშა. მას ფორვარდის პოზიციაზე თითქმის არ აყენებდნენ, ფლანგზე ან მეორე ფორვარდად ამწესებდნენ. გარდა ამისა, მეტწილად სკამზე იჯდა, არ ათამაშებდნენ და ის მინიმალური სათამაშო დრო ვერ გამოიყენო იმისთვის, რომ თუნდაც 1 გოლი გაეტანა. რთულია, ასეთ მოცემულობაში პრობლემა ფეხბურთელში ეძებო, ნიდერლანდურ კლუბში მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე არასწორი მიმართულება მისცეს. გასულ ზამთარში ქართველი თავდამსხმელი იჯარით „მეცში'' დაბრუნდა, ამ სეზონში ლიგა 1-ში 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა.