შენგელიას დარჩენა სურს - ბოლონიასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
იტალიელი ჟურნალისტის, მასიმო სელერის ინფორმაციით, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიაში’’ დარჩენა სურს, მოქმედ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული, რომლის დასრულების შემდეგ თანამშრომლობის ერთი სეზონით გახანგრძლივებაა შესაძლებელი, აღნიშნული ფუნქტი +1 კონტრაქტში ჩადებულია.
თორნიკე იტალიურ კლუბში მას შემდეგ გადავიდა, როცა რუსეთმა უკრაინაში ინტერვენცია დაიწყო, კალათბურთელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთი დატოვა, ცსკა-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერა იტალიურ გუნდს დაუკავშირა.
თორნიკეს ევროლიგაში გამორჩეული სეზონი ჰქონდა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27,4 წუთს თამაშობდა, მის აქტივში 14,5 ქულა, 5,0 მოხსნა და 3,3 პასი იყო. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტური რჩება, მისი საშუალო სტატისტიკა ასეთია: 13,8 ქულა, 5,2 მოხსნა და 3,3 პასია.